სენატორი რიში: საქართველოს მთავრობამ აჩვენა, რომ დაინტერესებული არ არის ევროპული მომავლით

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის წევრი, რესპუბლიკელი ჯიმ რიში გამოეხმაურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღეს, იმ კანონის მიღებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან დააზიანებს, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ დაინტერესებული არ არის ევროპული მომავლით. ეს არის მასობრივი სილის გაწვნა საქართველოს მოქალაქეების იმ 80%-სთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს“, - დაწერა სენატორმა სოციალურ ქსელ X-ში.

ჯიმ რიში ერთ-ერთია იმ 14 სენატორს შორის, რომლებმაც აპრილის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნეს. წერილში ნათქვამია, რომ კანონის მიღების შემთხვევაში იძულებული გახდებიან, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ, რაშიც მოიაზრებენ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტას და სავიზო შეზღუდვების გაფართოებას. ახლა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ კანონზე უარი არ თქვა, მოსალოდნელია, რომ სენატორების ინიციატივას კონგრესის 29 წევრიც შეუერთდება.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.

კანონპროექტი პირველი და მეორე მოსმენებით 17 აპრილს და 1-ელ მაისს მიიღეს, საბოლოო, მესამე კენჭისყრა კი დღეს, 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გაიმართა.

რუსულ კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გარდა, კანონის სასარგებლოდ ხმა მისცა „ევროპელი სოციალისტების“ ორმა წევრმაც.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამ კანონის მიღებას სახელმწიფოს ღალატსა და კონსტიტუციურ გადატრიალებას უწოდებენ. მათი შეფასებით, კანონის მხარდამჭერი 84-ვე დეპუტატი საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და ევროინტეგრაციის პროცესს.

რუსული კანონი ხელმოსაწერად გადაეგზავნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ვეტოს გამოყენებას აპირებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.