სერგეი ლავროვი - ფრენების აღდგენაზე ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ჩვენ ბატონი ღარიბაშვილის [საქართველოს პრემიერ-მინისტრი] მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ჩვენი ბევრი მოქალაქე სარგებლობდა ამით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მისივე თქმით, ახლა, „ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კავშირის დამყარება, რა თქმა უნდა, კავშირებს ბევრად მოსახერხებელს, ბევრად კომფორტულს ხდის“.

„იზრდება ფრენების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა“, - ამბობს ლავროვი.

ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

„დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია. ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, რომლებსაც თავის მოქალაქეებად თვლიდა და ხელი ასწია მშვიდობისმყოფელებზე და როცა საკადრისი პასუხი მიიღო, დაიწყო თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსირება ანტირუსული მოქმედებებით. ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არასდროს გვქონია. ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ისევე როგორც ამიერკავკასიის ყველა ხალხი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ“, - აღნიშნა ლავროვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სახელით ფრენების აღდგენაზე რუსეთთან არავითარი მოლაპარაკება არ წარმართულა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - ვინ ტყუის, ლავროვი, რომელმაც თქვა, რომ ფრენების აღდგენა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანხმდა, თუ თავად პრემიერი, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთმა დამოუკიდებლად მიიღო, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა:

„ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივადაა საქმე, ამას პატარა ბავშვი მიხვდება. გაგახსენებთ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო - უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია.

რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ?

მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ მთავრობასთან შეთანხმება მოხდა. ეს ჩვენ ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს დაუწესებს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას წაადგება, კარგია. ეს ყველაფერი ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია, ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და შეთანხმება გავაფორმეთ, ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და არასანქცირებული თვითმფრინავები იფრენდნენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2000 წელს ცალმხრივად შემოიღო. 2008 წელს, აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, შეწყდა რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოშვებაც. 2010 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებთათვის [ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე] უვიზო რეჟიმი დააწესა. მათ საქართველოში 90 დღის განმავლობაში დარჩენის უფლება მიეცათ. 2012 წლის მარტიდან, აღნიშნული რეჟიმი რუსეთის ყველა მოქალაქეზე გავრცელდა.

2019 წლის ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღარ არსებობდა. პირდაპირი ფრენები პუტინის გადაწყვეტილებით შეწყდა, რასაც წინ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართული საპროტესტო გამოსვლები უძღოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა 2023 წლის 15 მაისიდან. ასევე, მოხსნა საქართველოში ფრენების განხორციელებასა და ტურების გაყიდვაზე რუსული ავიაკომპანიებისთვის 2019 წელს დაწესებული აკრძალვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.