საქართველოსთან კონფედერაციის განხილვას არ ვაპირებთ - შამბა კობახიძის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„საქართველოს სურვილი, დაიბრუნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი, არავის უკვირს, თუმცა აფხაზეთის ამოცანაა სახელმწიფოებრიობა განავითაროს და გააძლიეროს“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2030 წელს ერთიანი საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მათ 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 [წელი] ენდომებათ. გასაგებია. ეს ვის უკვირს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალ ამბავს არ წარმოადგენს. აფხაზეთს თავისი ამოცანები აქვს, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება“, - განაცხადა შამბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, „აფხაზეთსა და საქართველოს შორის ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა“.

„როცა ამის დრო მოვა, მაშინ ვიმსჯელებთ, ჯერჯერობით ამის მზაობას ვერ ვხედავთ, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან სხვა რაიმე ურთიერთობის საკითხები განვიხილოთ“, - თქვა შამბამ და დაამატა, რომ 1992 წლის ქართულ-აფხაზური ომის წინა დღეს, აფხაზმა პოლიტიკოსმა ტარას შამბამ წარადგინა შეთანხმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთობების კონფედერალურ მოდელს, მაგრამ იმ დღეს, როდესაც ეს პროექტი აფხაზეთის პარლამენტში უნდა განხილულიყო, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ და ომი დაიწყო. „მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ამაზე ლაპარაკიც არ არის“, - აღნიშნა შამბამ.

სერგეი შამბა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი

მან ისიც თქვა, რომ 2008 წელს, რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინა დღეს, საქართველოსთან კონფედერალური ურთიერთობის შეთავაზება სცადა, მაგრამ „რესპუბლიკის ხელისუფლებამ მაშინ ამაზე უარი თქვა“.

„ჩვენ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ვუსურვებთ, ისინი თავისი გზით მიდიან, ჩვენ ჩვენი“, - ამბობს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს „აღთქმულ მიწამდე“. „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს ოკუპირებულ ცხინვალშიც გამოეხმაურნენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „კატეგორიულად მიუღებლად“ მიაჩნიათ „ნებისმიერი საუბარი საქართველოს შემადგენლობაში შესვლის შესახებ“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.