NATO-ს წევრი ქვეყნები მზად არიან, ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესახებ განაცხადი დაჩქარებულ რეჟიმში, ქვეყნისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მინიჭების გარეშე განიხილონ. ამის შესახებ ინფორმაცია NATO-ს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გაავრცელა. მისი თქმით, მოკავშირეებს შორის კონსენსუსი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდით და რომელიც NATO-ში ჩვენს გზას შეამოკლებს. საუკეთესო მომენტია იმისთვისაც, რომ შემოთავაზებული იყოს სიცხადე NATO-ს წევრად უკრაინის მიწვევასთან დაკავშირებით“, - დაწერა Twitter-ზე კულებამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ დაადასტურა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები შეთანხმებამდე მივიდნენ და უკრაინისთვის MAP-ის გაუქმება გადაწყვიტეს.
„შემიძლია ვთქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა ამოღებული იქნება. ეს ძალიან დადებითი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც NATO-სკენ უკრაინის გზას გაამარტივებს“, - ციტირებს უცხოური მედია ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებას.
ნაუსედას თქმით, ამავდროულად საჭიროა ძალიან მკაფიო სიგნალი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ: „ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა გავცდეთ ბუქარესტის სამიტის ენას, რომელიც მხოლოდ „ღია კარის“ შესახებ საუბრობს. უკრაინას დღეს სჭირდება ძალიან კონკრეტული სიგნალები იმის შესახებ, რომ როდესაც პირობები საშუალებას მისცემს, ის გახდება NATO-ს წევრი არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურად“.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც ხვალ ლიდერები შეხვდებიან და შეთანხმდებიან.
უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთეს კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას „აბსოლუტურად გასაგები და თანმიმდევრული პოზიცია“ აქვს. „უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ძალიან, ძალიან უარყოფით შედეგებს მოიტანს ევროპის უკვე ისედაც დანგრეული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის და იქნება აბსოლუტური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ჩვენგან საკმაოდ გასაგებ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს“, - განაცხადა პესკოვმა.
ვილნიუსში NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება და მასში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილებას. სამიტს დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც.
2008 წლის 2-3 აპრილს, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ წევრობის სამოქმედო გეგმა ვერ მიიღეს, თუმცა მიიღეს პირობა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, უკრაინამ NATO-ში დაჩქარებული წესით გასაწევრიანებლად განაცხადი გააკეთა.
