მარინა ხატიაშვილის ოჯახი, რომელიც თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ორი დღის წინ გამოასახლეს, საცხოვრებელს დაიბრუნებს, თუ ერთი თვის ვადაში ბინის ახალ მესაკუთრეს, ე.წ. მევახშეს 90 000 აშშ დოლარს გადაუხდის. ეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი მორიგების ერთ-ერთი პირობაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„შეთანხმება შედგა. მესაკუთრე დარეჯან დვალმა და ყოფილმა მესაკუთრემ, მარინა ხატიაშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩრთულობით მორიგებას მიაღწიეს. მორიგების საგანს შეადგენს შემდეგი: 90 000 დოლარის სანაცვლოდ მარინა ხატიაშვილმა უნდა გამოისყიდოს აღნიშნული უძრავი ქონება. ამისათვის ეძლევა ერთი თვის ვადა. ასევე, ის პირობას დებს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ ის და მისი მხარდამჭერები შეწყვეტენ მუქარას და ზეწოლას როგორც მასმედიით, ისე სოციალური ქსელებით, ქალბატონ დარეჯან დვალზე და მისი ოჯახის წევრებზე. ამის სანაცვლოდ, ვიღებთ პასუხისმგებლობას, უკან გამოვიხმოთ ქირის სარჩელი - რომელიც სასამართლოში გვაქვს შეტანილი და პირველი ინსტანცია მოგებულიც გაქვს - ყოველთვიურად 1200 ლარის ოდენობით. ეს ჯამში 20 000 დოლარია“, - ამბობს მესაკუთრეთა დაცვის ცენტრის დირექტორი გიორგი სუხიტაშვილი.
გარდა ამისა, დვალის ადვოკატის თქმით, მარინა ხატიაშვილი იღებს ვალდებულებას, რომ ერთი თვის განმავლობაში დარეჯან დვალს ბინით სარგებლობაში ხელს არ შეუშლის.
ხატიაშვილების ოჯახს 70 000 დოლარი აქვს, 20 000-ის მობილიზებას კი შეეცდებიან. მორიგების მიხედვით, თუ ისინი ერთი თვის ვადაში ქონების გამოსყიდვას ვერ შეძლებენ, მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზია აღარ ექნებათ.
რაც შეეხება მორიგების მეორე პირობას - დარეჯან დვალის მიმართ ბულინგსა და მუქარას, როგორც მარინა ხატიაშვილმა განაცხადა, ის მხოლოდ თავს იცავდა, არავინ დაუბულინგებია და არც არავის დამუქრებია.
„ორი ბიჭი დაჭერილია. სასწრაფოდ უნდა გავათავისუფლოთ ისინი. უნდა შეწყდეს დაჯარიმებები, რადგან ჯარიმების თანხაც ჩემი ოჯახის მოსაპოვებელია. პირველ რიგში, ის უნდა გადავიხადო და მერე ვიფიქრო საკუთარ თავზე“, - ამბობს მარინა ხატიაშვილი.
მხარეები შეთანხმების ნოტარიულად დამოწმებას 26 იანვარს აპირებენ.
23 იანვარს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კეკელიძის ქუჩის N1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ხატიაშვილების ოჯახი პოლიციის დახმარებით გამოასახლა. გამოსახლება ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. მათ კორპუსის შესასვლელი რკინის კარი შეადუღეს, თუმცა აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებმა, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, კარი გახსნეს და ბინაში შესვლა მოახერხეს, რის შემდეგაც ოჯახს და მათ მხარდამჭერებს ბინა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. იძულებითი გამოსახლების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ სამართალდამცველებმა ბინაში შეღწევის შემდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. აღსრულების ბიურო ამას უარყოფს და აცხადებს, რომ „პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი“.
კეკელიძის ქუჩაზე სულ 20 ადამიანი დააკავეს. გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას ბრალად აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის განზრახ, ჯგუფურად დაზიანება ედებათ. 25 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დანარჩენი 18 პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით მოხდა. დაკავებული იყო ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიც, რომელიც 6 საათის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს, მოგვიანებით კი პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
გამოსახლების დროს პოლიციამ ძალა გამოიყენა სხვა ჟურნალისტების მიმართაც.