შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, ივანიშვილს ისტორიული ცვლილება რომ არ მოეხდინა - პრემიერი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11 წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, შეიძლება ასე ითქვას, ევროპეიზაციის 10 წელი. უნდა ითქვას, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, რომ არ მოეხდინა ისტორიული ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს, „ქართულ ოცნებას“, რომელიც ვაგრძელებთ ამ დიდ, ეროვნულ საქმეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევოკომისიამ გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში მუშაობდა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. „სამწუხაროდ ოპოზიციას და მე ვგულისხმობ რა თქმა უნდა რადიკალურ ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, - პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სპეკულაციაა ყველა განცხადება, რომ ეს ყველაფერი ხალხის ნების გამოხატულების გამო მიღებული გადაწყვეტილებაა.  

„თუ ვინმე ხელისუფალმა ან მმართველმა რამე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპერქტივა, რომელიც შარშან მივიღეთ და კანდიდატის სტატუსი, რომელიც დეკემბერში საბოლოოდ, მჯერა, გაფორმდება.

ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აქვე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა, თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული  მოქმედებების, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ და კიდევ ერთხელ, მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ევროკომისიის დათქმებს, რომელთა შესრულების გარეშეც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა, პრემიერმა თქვა:

„ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ, ისევე როგორც ჩვენ გვქონდა კოორდინაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რეკომენდაციების დიდი ნაწილი არის შესრულებული, ნაწილი  შეიძლება ნაწილობრივ არის შესრულებული, მაგრამ ეს არის ბუნებრივი ჩვეულებრივი პროცესი რომელსაც ჩვენ მივყვებით და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს“, - განაცხადა პრემიერმა.

რეკომენდაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას და მილოცვისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი საქართველოს მოსახლეობის დამსახურებას.

„ნამდვილად უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსთვის და ხაზს უსვამს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შთამბეჭდავ და ძალიან ცხად პოზიციას, გაერთიანდნენ ევროკავშირში“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის შესახებ 14-15 დეკემბერს სამიტზე უნდა მიიღონ.

ევროკომისიამ საქართველოს 9 პირობა განუსაზღვრა შესასრულებლად, რის შემდეგაც ქვეყანა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა. პირობების ჩამონათვალი ასეთია:

  1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და ჩარევასთან ბრძოლა;
  2. საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაუმჯობესება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან;
  3. პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა - მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო მეტად ინკლუზიურად მუშაობითმ, განსაკუთრებით ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა განსაკუთრებით 2024 წელს; ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად შესრულება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის, ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
  5. საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების - საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  6. სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
  7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  8. დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).