ბათუმში მცხოვრები შშმ აქტივისტი, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მოწინააღმდეგე დეა ერემაშვილი იუსტიციის სამინისტროს მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ის ამბობს, რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ სპეციალურ რეესტრში მისი, როგორც ფიზიკური პირის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები გამოქვეყნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი, რომელთანაც ვთანამშრომლობდი, დარეგისტრირდა ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის რეესტრში, რის საფუძველზეც მან იუსტიციის სამინისტროს კანონით განსაზღვრული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი და ჩემი პირადი ინფორმაცია - სახელი, გვარი და ორგანიზაციისგან მიღებული ხელფასი გამოაქვეყნა, რაც კანონდარღვევაა.
მთელი ამ პერიოდის მანძილზე გვესმოდა ნარატივი, რომ ფიზიკურ პირებს რუსული კანონი არ შეგვეხებოდა და შესაბამისად, ჩვენს პერსონალურ მონაცემებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა იმიტომ, რომ იყო იუსტიციის მინისტრის სპეციალური მითითება. საკონსტუიტუციო სასამართლოშიც ამას ამტკიცებდნენ, მაგრამ, როგორც გუშინ ვნახე, რეესტრში ჩემი მონაცემები აღმოჩნდა“, - აცხადებს ერემაშვილი.
მისივე თქმით, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი რეესტრში ბენეფიციარებზე ზრუნვის მოტივით დარეგისტრირდა, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციამ მისი უფლებები დაარღვია.
„მე რომ 2023 წლის ივლისში ხელფასი ავიღე, ის ჩანს და აგენტების რეესტრში ვარ ადამიანი, რომელიც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ კანონს. იმ დროს, როდესაც მე თვითონ არ დავრეგისტრირდი აგენტების რეესტრში, იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც შეასრულეს კანონით დაკისრებული ვალდებულება, მოუწიათ ჩემი უფლებების დარღვევა,“ - აღნიშნავს დეა ერემაშვილი.
აქტივისტის თქმით, სახელმწიფოს პერსონალური მონაცემების დაფარვა ევალებოდა, თუმცა ღიად გამოაქვეყნა, რითაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლები დაირღვა. აღნიშნული მუხლები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებას ეხება, რაც სუბიექტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია. დეა ერემაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს და კანონდარღვევის აღკვეთას მოითხოვს.
„სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის ხელყოფაზე მივუთითე და მოვითხოვე რეაგირება. ხუთ სამუშაო დღეში უნდა გამცენ პასუხი და დაველოდები. თუ არ ექნებათ რეაგირება, მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას - 41 ლარს 41 თეთრს“, - ამბობს დეა ერემაშვილი.
28 მაისს, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელებად“ აცხადებს და რეგისტრაციას ავალდებულებს ყველა არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია. კანონის აღსრულებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი შეიქმნა და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი“ ამოქმედდა.
ამ დროისთვის ე.წ. აგენტების რეესტრში ნებაყოფლობით 500-მდე ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რაც მათი საერთო რაოდენობის დაახლოებით 1.5%-ია.
რუსული კანონი, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. მისი გაუქმების მოთხოვნით საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაიგზავნა.