შსს დავით ქაცარავას წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას ედავება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე უკანონოდ დაკავებული და სპეცრაზმის მიერ ნაცემი დავით ქაცარავას პროცესი გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღევანდელ პროცესზე ჩვენება ორმა პოლიციელმა მისცა. ერთ-ერთმა მათგანმა, ბიძინა ჟამერაშვილმა განაცხადა, რომ დავით ქაცარავა სპეციალური რაზმის თანამშრომლებს რუსეთის მონებს ეძახდა, „კანონის მისამართით იგინებოდა“ და სპეცრაზმელებმა ის „საჭირო მომენტში დააკავეს“.

„ამბობდა, 40 კილომეტრში რუსის ჯარია და აქ რატომ დგახართ, რუსეთის მონებოო. რუსის მონას რომ გეძახიან, შეურაცხმყოფელია, ბევრს მათთან ბრძოლაში ოჯახის წევრი ჰყავს დაღუპული. როცა საჭირო მომენტი იყო, სპეცრაზმელების მხრიდან მისი დაკავება მოხდა. პოლიციელების მიმართ არ შეუგინებია. ძირითადად, კანონის მიმართ ჰქონდა უცენზურო მიმართვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. კანონის მისამართით იგინებოდა“, - განაცხადა ჟამერაშვილმა.

მოწმე პოლიციელები იმ საპატრულო ეკიპაჟის წევრები არიან, რომელსაც ნაცემი დავით ქაცარავა გადასცეს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, სპეცრაზმის მიერ ქაცარავას დაკავების ადგილზე არცერთი არ ყოფილა.

პროცესის დასრულების შემდეგ დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ პოლიციელთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.

„ერთ-ერთი პოლიციელი ამბობდა, რომ პოლიციასაც ვაყენებდი შეურაცხყოფას, ერთი ამბობდა, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი. ერთი ამბობდა, რომ 5 საათზე ვიგინებოდი და 6-ის ნახევარზე დამიჭირეს ამის გამო. ორივემ თქვა, რომ სპეცრაზმის მიერ ჩემი გატაცებიდან სადღაც 5 წუთში გადამიბარეს და ჩამსვეს მანქანაში. სინამდვილეში, მინიმუმ 40 წუთი იყო გასული ჩემი დაკავებიდან საპატრულო მანქანაში გადასმამდე.

ვამბობდი, აღმოჩნდებოდა, რომ პოლიციელებს სამხრე კამერები გამორთული ჰქონდათ და არანაირი მტკიცებულებები არ ექნებოდათ. ზუსტად ასე მოხდა. მათ ტყული ჩვენება მისცეს, ეცადნენ მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ ვიგინებოდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი“, - განაცხადა ქაცარავამ. ის მიიჩნევს, რომ სამოქალაქო აქტივისტების დაშინება ხელისუფლების დაკვეთაა.

„ეს ჩემთვის არის პრესინგის, დაშინების მცდელობა. ამით ეს რეჟიმი ცდლობს კვლავ შემაფერხოს, კვლავ შემიქმნას განცდა, რომ საშიშროების წინაშე ვდგავარ. ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც მე აქტიურად დავუბრუნდი ოკუპაციის ზახთან პატრულირებას. ეს პირდაპირ კავშირშია სასამართლოში გამოძახებასთან, რადგან 14 მაისის შემდეგ თვენახევარი გავიდა“, - განაცხადა ქაცარავამ.

დავით ქაცარავას საქმის განხილვა 11 ივლისს გაგრძელდება. წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

დავით ქაცარავა, 14 მაისის ფოტო

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა 14 მაისს დააკავეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქაცარავა სპეცრაზმელებისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა და მათ მიმართავდა. „20 კილომეტრში რუსები გვიდგანან და თქვენ რუსების დამცველებად იქეცით. რა კანონს მოაწერეს ამათ ხელი, გადასარევად იცით. გადასარევად იცით, რომ თქვენ რუსების...,“ - ქაცარავას წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, როდესაც სპეცრაზმელები მივარდნენ, დააკავეს და თავიანთი კორდონის მიღმა გაიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ხელებშეკრულს ხუთჯერ სცემეს [მათ შორის, ავტომანქანაში], დამიზნებით ურყამდნენ თავსა და სახეში. ძალადობის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. დავით ქაცარავა დაზარალებულად ცნეს, თუმცა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).