დღეს, 13 მაისს, პარლამენტთან რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ სცემენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს დაკავების დროს და დაკავების შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა. დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც, სადაც ნათქვამია, პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნული გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. დანაშაული ისჯება 5-დან 8 წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის შესასვლელების გათავისუფლება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში რუსული კანონის განხილვის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში ავტომობილებით შევიდნენ, რა დროსაც ისმოდა შეძახილები - „მონებო! მონებო!“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, მათ პარლამენტი ისევ შსს-ის ასობით თანამშრომლის დახმარებით დატოვეს. ამის შემდეგ შსს-მ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცრაზმის გაყვანა დაიწყო.
რუსული კანონის საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქციები თბილისში 15 აპრილიდან მიმდინარეობს. მმართველი პარტია აპირებს, კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მიიღოს.