სოხუმში მხატვარ ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ნამუშევრების განადგურებას გამოეხმაურნენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო: Anaid Gogoryan / RFE/RL

სოხუმში, სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარ ხანძართან დაკავშირებით მიტინგი გაიმართა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო მუზეუმთან, სკვერში შეკრებილებმა ყვავილებით შეამკეს პირველი პროფესიონალი აფხაზი მხატვრის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას საფლავი და მწუხარება გამოთქვეს მისი ნახატების განადგურების გამო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„არის ნამუშევრები, რომლებიც ერთ ერს ეკუთვნის და არის ისეთებიც, რომლებიც მრავალი ერის კუთვნილებაა. ფრანგებს სურდათ, რომ ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძე ფრანგი ყოფილიყო, რუსებს - რუსი, ქართველებს - ქართველი. მაგრამ ის აფხაზი იყო და ამბობდა: „მე აფხაზი ვარ, ჩემს ბედს და მთელ ჩემს შემოქმედებას ჩემს ხალხს ვუკავშირებ. თვითონ თუ ვერ შევძლებ, ჩემს ნამუშევრებს მაინც გავგზავნი სამშობლოში“. ასეც მოიქცა და ჩვენ ისინი ვერ გადავარჩინეთ“, - განაცხადა პოეტმა დიმიტრი გაბელიამ.

„აფხაზეთის ეროვნული სამხატვრო გალერეის“ დირექტორმა, სურამ საკანიამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ თავადაც არის დამნაშავე 21 იანვარს მომხდარში: „ჩაჩბა-შერვაშიძის ნახატების დაბრუნების შესაძლებლობა არ გვაქვს. შეიძლება არ გსმენიათ ამის შესახებ, მაგრამ შარშან კომპანია „აკვაფონმა“ მისი რამდენიმე ნამუშევარი იყიდა და გადმოგვცა. მათი გადარჩენა ვერ შევძელით. 500 ნამუშევრიდან, რომელიც ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძემ აფხაზეთში გამოგზავნა, ქართველებისთვის 226 ნახატის გამორთმევა შევძელით. მას შემდეგ ვერ მოვახერხეთ, შეგვექმნა მისი სახელობის მუზეუმი, სადაც მისი ნახატები შეინახებოდა“.

მიტინგს დე ფქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა იღონონ იმისთვის, რომ მხატვრის ნამუშევრები მთელ მსოფლიოში შეაგროვონ.

„რაც მოხდა, ჩვენი 30-წლიანი უმოქმედობის შედეგია. ყველა დამნაშავე ვართ. ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი, რისთვისაც 30 წლის წინ ჩვენი მამები, ძმები და ბაბუები იღუპებოდნენ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ყველა ჩვენი შეცდომა და მოვინანიოთ“, - აღნიშნა მხატვარმა მადინა ბიგვავამ.

აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძარი 21 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა, რის შედეგადაც თითქმის მთლიანად დაიწვა ეროვნული სამხატვრო გალერეის ფონდი. ე.წ. კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, დინარა სმირის თქმით, შენობაში 4000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა. ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას 300-მდე ნამუშევრიდან ყველა დაიწვა.

22 იანვარს რუსეთის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების მდგომარეობის შესასწავლად და სარესტავრაციო სამუშაოების დასაგეგმად, სოხუმში რუსი სპეციალისტები ჩავლენ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამ საკითხს 23 იანვარს გამოეხმაურა და გამოთქვა მზადყოფნა, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან სპეციალური ჯგუფი შექმნას.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება „თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა“. ზურაბიშვილის შეფასებით, მომხდარი დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.

ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შერვაშიძის ძმისშვილი იყო. ის 1867 წლის 24 დეკემბერს უკრაინის ქალაქ ფეოდოსიაში დაიბადა. განათლება მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტეკტურის სკოლაში მიიღო, 1885 წელს კი სწავლა საფრანგეთში, პარიზში განაგრძო. ალექსანდრე შერვაშიძე- ჩაჩბა პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის ერთ-ერთი ცნობილი სცენოგრაფი იყო. 1918 წელს მან სოხუმში ხელოვნების სკოლა დააფუძნა. პოლიტიკური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა, სოხუმი დაეტოვებინა. 1920 წლიდან მხატვარი ჯერ ლონდონში, შემდეგ კი პარიზში ცხოვრობდა და მუშაობდა. 1968 წელს, 101 წლის ასაკში, ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა მონაკოში გარდაიცვალა. მისი ნეშტი აფხაზეთში 1985 წელს გადაასვენეს. ჯერ კიდევ სიცოცხლეში, დაახლოებით 1958-1960 წლებში, მხატვრის სურვილისამებრ, მისი 500 ნამუშევარი საქართველოში გამოიგზავნა, მათგან დაახლოებით 200 სოხუმში გადაიტანეს. ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ნამუშევრები კერძო კოლექციებშიც ინახება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).