ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარს გადარჩენილი ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას რუსი სპეციალისტები შეაფასებენ. ამის შესახებ განაცხადა, რუსეთის კულტურის მინისტრმა, ოლგა ლუბიმოვამ, რომელმაც მომხდარს „ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„უახლოეს პერიოდში სოხუმში გაემგზავრება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის ხელოვნების სამეცნიერო და აღდგენითი ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვის გალერეისა და რუსეთის მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები ადგილზე შეამოწმებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც მოხერხდა, რათა ჩამოაყალიბონ სარესტავრაციო სამუშაოების გეგმა“, - განაცხადა ლუბიმოვამ.
სოხუმის ცენტრალური საგამოფენო დრბაზში ხანძარი 21 იანვარს, გამთენიისას, დაახლოებით 03:30 საათზე გაჩნდა და ხის ჭერის მქონე შენობის მეორე სართულზე სწრაფად გავრცელდა. შედეგად, თითქმის მთლიანად დაიწვა ეროვნული სამხატვრო გალერეის ფონდი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, დინარა სმირის თქმით, შენობაში 4000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის პირველი პროფესიონალი აფხაზი მხატვრის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას 300-მდე ნამუშევარი. „ეს გამოუსწორებელი დანაკლისია აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის“, - განაცხადა სმირმა.
დაწვას აფხაზი და რუსი მხატვრების დაახლოებით 200 ნახატი გადაურჩა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათგან არცერთი არ ეკუთვნის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს, მათ შორის ცეცხლის განზრახ წაკიდებასაც.
მომხდარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება „თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა“.
„სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე.
აფხაზეთის ეროვნული სამხატვრო გალერეა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსდა. მისი ფონდი მე-19 და მე-20 საუკუნეების აფხაზი და რუსი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებდა.
