სომხეთში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შვილის, აშოთ ფაშინიანის გატაცების საქმეზე, 2020 წლის 44-დღიანი ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის დედა, გაიანე აკოფიანი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
გაზეთმა „სომხეთის დრომ“, რომელიც პრემიერ-მინისტრის ოჯახს ეკუთვნის, 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშოთ ფაშინიანის გატაცება საზოგადოებრივი ორგანიზაციის „შვილების ძახილი“ წევრებმა სცადეს. აღნიშნული ორგანიზაცია ომში დაღუპული სომეხი ჯარისკაცების მშობლების მიერ არის დაფუძნებული. მოგვიანებით ფაქტი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმაც დაადასტურა და გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც აშოთ ფაშინიანის ჩვენებას ეყრდნობა.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ვაჟმა პოლიციას თავად შეატყობინა მისი გატაცემის მცდელობის შესახებ. მისი ვერსიით, დაღუპული ჯარისკაცების მშობლები სააპელაციო სასამართლოსთან შეხვდნენ და ყვირილი დაიწყეს. ერთ-ერთმა მათგანმა, ქალმა, მას ავტომობილში ჩაჯდომა და გასაუბრება შესთავაზა.
„ავტომობილში მან 2020 წლის ომზე, ტერიტორიულ და ადამიანურ დანაკარგებზე დაიწყო საუბარი. დაინახა რა, რომ ქალი არაადეკვატურად იქცეოდა, სიჩქარეს აჭარბებდა, არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს, მან [ფაშინიანმა] მანქანის გაჩერება მოითხოვა, რათა გადასულიყო. ქალმა თქვა, რომ მისი შვილი დაუკითხავად წაიყვანეს და მოკლეს, არაფერი აქვს დასაკარგი, მისი მოკვლაც შეუძლია და ამიტომ დაუკითხავად მიჰყავს „ერაბლურზე“ [სასაფლაოზე], სადაც თავისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვეტს, გაუშვას თუ არა“, - აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე, როდესაც ქალმა სიჩქარე შეანელა, აშოთ ფაშინიანმა ავტომობილის კარი გააღო და გადმოხტა. დაზარალებულის თქმით, ფეხზე წამოდგომიდან რამდენიმე წამში „ტოიოტას“ მარკის თეთრი ავტომობილი დაეჯახა, სადაც ის მშობლები ისხდნენ, ვინც სააპელაციო სასამართლოსთანაც შეხვდენენ.
პოლიციამ გაიანე აკოფიანთან ერთად კიდევ სამი მამაკაცი დააკავა, თუმცა გამოკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.
ადვოკატი ვაან ოვანესიანი მიიჩნევს, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, რადგან აშოთ ფაშინიანი ქალს ავტომობილში საკუთარი ნებით ჩაუჯდა. მისივე თქმით, გამოკითხვისას დაღუპული ჯარისკაცის დედა შეუძლოდ გახდა, რის გამოც პოლიციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. ომში დაახლოებით 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა. შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის მნიშვნელოვან ნაწილსა და შვიდ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც 1994 წლიდან სომხეთის ძალებს ეკავათ.
საზოგადოების ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს შეთანხმებაზე ხელმოწერის გამო აკრიტიკებს, მას მოღალატეს უწოდებენ და აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის ჩაბარებაში ადანაშაულებენ.