სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს, რაც სექტემბერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გადადგმულ პირველ ნაბიჯად ფასდება. სომხეთში 32 ჯარისკაცი დაბრუნდა, ხოლო აზერბაიჯანში - 2.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტყვეების გაცვლას ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.
„მსურს გუშინდელი მოვლენა მივიჩნიო ნულოვან წერტილად, რის შემდეგაც ჩვენ შევძლებთ, ყოველ შემთხვევაში, ვეცდებით, რომ ყველა შემდგომი ახალი ამბავი უფრო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ალბათობის ზრდაზე მოწმობდეს და არა პირიქით“, - განაცხადა ფაშინიანმა დღეს, 14 დეკემბერს.
გათავისუფლებული სომეხი სამხედრო ტყვეების უმრავლესობა 2020 წლის დეკემბერში, მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ომის დასრულებიდან მალევე დააკავეს. მათ სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს ორი სამხედრო გადასცა, რომლებიც ტყვეობაში 2023 წლის აპრილიდან იმყოფებოდნენ.
ტყვეების გაცვლამდე ერთი კვირით ადრე აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მხარეები თანხმდებიან, რომ არსებობს ისტორიული შესაძლებლობა რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მისაღწევად. ორივე სახელმწიფო ადასტურებს, რომ განზრახული აქვთ ურთიერთობების დარეგულირება და სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, რომელიც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემას დაეფუძნება.
2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლი მთლიანად დაიბრუნა და სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა. რეგიონი ეთნიკურმა სომხებმა მასობრივად დატოვეს და სომხეთში გადავიდნენ. ისინი მიზეზად აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშს ასახელებენ. ყარაბაღში სულ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშლება ყველა „სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია“ და არსებობას შეწყვეტს „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი).
სომხეთის საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, 2023 წლის 19-20 სექტემბერს, „აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შედეგად“ მთიან ყარაბაღში 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 12 მოქალაქე და 30 ჯარისკაცი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ სულ მცირე 14 ადამიანი, რომელთაგან 12 სამხედროა, წამებას დაექვემდებარა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 3 ბავშვი, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა მიიღო 231-მა ჯარისკაცმა და 80-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ.
ილჰამ ალიევს „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დიდი დაბრუნების სახელმწიფო პროგრამა“ აქვს დაანონსებული, რომლის ფარგლებში, 2026 წლისთვის ყარაბაღში 140 000 აზერბაიჯანელის დაბრუნებაა მოსალოდნელი.