კრემლის პროპაგანდისტური გამოცემა „Sputnik ლიეტუვის“ მთავარი რედაქტორი მარატ კასემი ლატვიაში დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევას და ჯაშუშობა ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
ლატვიის ახალი ამბების პორტალი Delfi წერს, რომ ლატვიის მოქალაქე 3 იანვარს, რიგაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს და ის ეჭვმიტანილია კრემლის პროპაგანდისტული რესურსისთვის, რომელიც ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული, ეკონომიკური რესურსების მიწოდებაში. Delfi-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებული მუშაობს კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო Russia Today-ის ერთ-ერთ საინფორმაციო რესურსში, რომელიც შეტყობინებებს კრემლის ინტერესების შესაბამისად ავრცელებს, მათ შორის, რეგულარულად ახდენს ლატვიისა და მისი მოკავშირეების დისკრედიტაციას. Delfi წერს, რომ სისხლის სამართლის საქმე ევროკავშირის სანქციების შესაძლო დარღვევის ფაქტზეა აღძრული.
„ეს აშკარა პოლიტიკური დევნაა, აბსოლუტურად უკანონო, აბსურდული და არამოტივირებული“, - განაცხადა დმიტრი კისილიოვმა, რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ მედიაჯგუფ Russia Today-ის (რომელშიც Sputnik-იც შედის) გენერალურმა დირექტორმა.
კისილიოვის თქმით, კასემი უკვე რამდენიმე წელი რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, თუმცა 30 დეკემბერს ლატვიაში „ოჯახური მიზეზების გამო“ დაბრუნდა.
მარატ კასემის დაკავებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაც გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, ნახევარი წლის წინ კასემი ჩიოდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები პროფესიული საქმიანობის გამო დევნიდნენ.
„დღეს ის დაკავებულია. ეს არის დიქტატორული რეჟიმების შურისძიება მისი თავისუფლებისთვის, მისი სიმართლისთვის, პრინციპების ერთგულებისთვის“, - თქვა ზახაროვამ.
ევროკავშირმა Russia Today-ის არხის და სააგენტო Sputnik-ის მუშაობა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე მარტში, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ აკრძალა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik, ისევე როგორც მათი შვილობილი კომპანიები, ვეღარ შეძლებენ თავიანთი სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად და ჩვენს კავშირში განხეთქილების დასათესად“, - განაცხადა მაშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
