„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის საქმეზე, საერთო ჯამში, 22 მხარე ჩაერთო. მესამე მხარედ ჩართულ პირებს შორის არიან ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ვენეციის კომისია და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი. როგორც საია-ში აღნიშნავენ, მესამე მხარეთა მიერ ამგვარი ჩართულობა და სასამართლოს მიერ 9 წერილობითი პოზიციის მიღება მიუთითებს, რომ საქმე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პრობლემას შეეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„მესამე მხარეთა მიერ წარდგენილი მოსაზრებები ემთხვევა მომჩივნების მიერ წარდგენილ წერილობით პოზიციებს და იმ სამართლებრივ დასაბუთებას, რაც საჩივარშია ხაზგასმული. მომჩივნები, ისევე როგორც მესამე მხარედ ჩართული პირები, მიუთითებენ, რომ „რუსული კანონი“ არ არის იზოლირებული საკითხი და შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები, განსაკუთრებით „უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ და ცვლილებები „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, წარმოადგენს იმ სამართლებრივი ჩარჩოს გაგრძელებას, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაიწყო“, - აცხადებს საია.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მესამე მხარეთა მიერ წარდგენილი მოსაზრებები შეაჯამა. საიას თანახმად:
- ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წარდგენილ პოზიციაში აღნიშნა, რომ ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ხელისუფლებისა თუ პროსამთავრობო ჯგუფების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების „სახელმწიფოს მტრებად“, „გლობალური ომის პარტიად“ და ე.წ. „Deep State“-ად გამოცხადება უკვე ატარებს დამღუპველ ეფექტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციაზე საქართველოში.
- Alliance Defending Freedom International-ის პოზიციით, „რუსული კანონი“ წარმოადგენს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდველ კანონმდებლობას, რომლის მსგავსიც მოქმედებს რუსეთში, ინდოეთსა თუ ჩინეთში.
- ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ „რუსული კანონი“ არის ფართო და ბუნდოვანი, რომელიც შესაბამის უწყებებს ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას.
- Crew Against Torture ასევე მიუთითებს, რომ კანონი აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის პრინციპს.
- Media Defence-ის პოზიციით, საქართველოში მოქმედ „რუსულ კანონს“, რუსეთში მიღებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონებსა და სხვა ქვეყნებში მიღებულ კანონებს ერთი, საერთო ფოკუსი აერთიანებს, რაც ადამიანის უფლებების დამცველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად მომუშავე დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციასა და დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
- უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კანონები ხშირად წარმოდგენილია როგორც „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის“ ან „გამჭვირვალობის გაზრდის“ საშუალება, რეალურად ისინი მიზნად ისახავენ კრიტიკული აზრის ჩახშობას და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას.
- International Network of Civil Liberties' Organizations-ის წევრების პოზიციით, „რუსული კანონი“ ჰგავს იმ შემზღუდველ კანონებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში მიიღეს და ამ კანონის მოქმედება შეუქცევადად ახდენს გავლენას სამოქალაქო საზოგადოებაზე მაშინაც კი, თუ ისინი მათ მიმართ არ გამოიყენება.
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და Memorial Human Rights Defence Center-მა განმარტეს, რომ სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე („უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“), რამდენადაც რუსეთის მაგალითმა აჩვენა, რომ განვითარებული მოვლენები გადაიქცა ტოტალიტარული რეჟიმის მაგალითად.
- Amnesty International-ის მოსაზრებით, სახელმწიფო ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა.
საია-ს განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ მესამე მხარედ ჩართული პირები დავის მხარეებს არ წარმოადგენენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების ობიქტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებისას. რიგ შემთხვევებში მათი დასკვნები სასამართლოს გადაწყვეტილებების შინაარსს ემთხვევა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ რუსულ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთი წლის წინ გაასაჩივრა. საჩივარი 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით არის წარდგენილი.
მომჩივნები საქართველოს სახელმწიფოს მიერ კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ.
