ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ზუგდიდის სოფელ ხურჩაში მოკლული 30 წლის გიგა ოთხოზორიას საქმეზე რუსეთის მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. რუსეთს ოთხოზორიას ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის არსებული დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა „მესაზღვრემ“, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.
„გიგას ოკუპირებულ გალის რაიონში, ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით, დაკარძალვისთვის საკვები გადაჰქონდა. ხიდის გადაკვეთის მცდელობის დროს, დე ფაქტო მესაზღვრეებთან კამათი მოუვიდა და უკან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა. მას ოთხი დე ფაქტო მესაზღვრე დაედევნა, ერთმა ოთხჯერ ესროლა, ბოლოს კი სასიკვდილო ჭრილობა თავში მიაყენა“, - აცხადეს მოკლულის დედა.
ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონოდ გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობდნენ. მომჩივნებს მიაჩნდათ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით დაცული სიცოცხლის უფლება.
2017 წლის 7 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებისთვის. მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაშიდ კანჯი-ოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა, თუმცა ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა 2018 წლის 8 ნოემბერს დაიწყო და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს კითხვებით მიმართა. რუსეთი სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს, რომელმაც თავი დააღწია საქართველოს აგრესიას და თვითგამორკვევის გზით გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მისი იურისდიქცია არ ვრცელდება, იგი არ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას „აფხაზეთის რესპუბლიკაზე“, ამიტომ, მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და რუსეთის ფედერაციას დაავალა, წარმოედგინა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების მასალები. რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა. სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულია კონვენციის 38-ე მუხლიც, რადგან რუსეთმა სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის მასალები არ წარადგინა.
2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს, რის შემდეგაც ქვეყნის ხელისუფლებამ ორგანიზაციასთან ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვიტა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს განცხადებით, ამის მიუხედავად, რუსეთს რჩება სამართლებრივი ვალდებულება, სასამართლოს გადაწყვეტილებები შეასრულოს.
გიგა ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის დახმარებით იცავდა.