თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში მუსიკოსი გიორგი ვაჩნაძე დაიკავებს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რექტორი 12 მარტს, ფარული კენჭისყრით, ერთხმად აირჩიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
გიორგი ვაჩნაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სამუსიკო სასწავლებელი და სახელმწიფო კონსერვატორია. 1990 წელს ის სასწავლებლად გაემგზავრა ნიუ-იორკის მენეს-კოლეჯში. დაამთავრა ინდიანის უნივერსიტეტის მაგისტრატურა, რის შემდეგაც მუშაობდა ინდიანის უნივერსიტეტის ლექტორად, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად. ამჟამად ვაჩნაძე ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის პროფესორია. კონცერტებს მართავს აშშ-ში, კანადაში, ნიდერლანდებში, იტალიაში, იაპონიაში, გერმანიაში, ტაივანში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.
კონსერვატორიას რექტორი გასული წლის ოქტომბრიდან აღარ ჰყავდა. ნანა შარიქაძეს უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა 2023 წლის 21 ოქტომბერს ამოეწურა. ახალი რექტორის ასარჩევად არჩევნები 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა 25 სექტემბერს, კულტურის მინისტრმა კონკურსი გააუქმა. რამდენიმე დღით ადრე წულუკიანმა პარლამენტში კონსერვატორიის ხელმძღვანელობის მიმართ საყვედურები გამოთქვა.
„თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც ის, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი. ეს ჩემი ხარვეზიც არის. როდესაც ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ მინისტრს არაფერი არასდროს არ ეკითხება“, - განაცხადა წულუკიანმა.
კონსერვატორიის აკადემიური საბჭო მინისტრის მიერ კონკურსის გაუქმებას არ დაეთანხმა და გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ახალი რექტორის არჩევამდე სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შავერზაშვილი ხელმძღვანელობდა.
