სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, კონსტანტინ ჯუსოევმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, „რესპუბლიკით“ ჩინეთი დაინტერესდა. ამ საკითხზე ჯუსოევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„მაისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ჩვენთან ორი დელეგაცია იყო ჩამოსული. ერთი დელეგაცია დაინტერესებულია კვაისის ტყვია-თუთიის საბადოებით, მეორე კი სამხრეთ ოსეთში ჩინური მანქანების ასაწყობი ქარხნის გახსნის წინადადებით ჩამოვიდა. ბრენდი [ავტომანქანის] ჯერ არ დაგვიზუსტებია, მაგრამ ჩვენი დელეგაცია ოქტომბერში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩასვლას აპირებს, საუბარი გაგრძელდება და უფრო დეტალურად მოვილაპარაკებთ.
თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ერთობლივი პროექტი განხორციელდება მხოლოდ სამხრეთ ოსეთისთვის ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შეფასების შემდეგ“, - განაცხადა ჯუსოევმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი აპრილის ბოლოს წერდა, რომ ცხინვალში „ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური საინვესტიციო კორპორაციის“ ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა.
„ჩინელ კოლეგებს ვაჩვენეთ ჩვენი საბადოები, კერძოდ კვაისის საბადო. მათ შეაგროვეს ნიმუშები. ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა, გაცნობითი ხასიათის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ინტერესი არსებობს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩინური კომპანიისგან გარკვეული წინადადებები იქნება და ვითანამშრომლებთ“, - ამბობდა მაშინ კონსტანტინ ჯუსოევი.
ოკუპირებულ ჯავის რაიონში მდებარე კვაისის საბადოთი დაინტერესებული ჩინური კორპორაციის სახელწოდება არ დასახელებულა. ჯუსოევმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ის სამთო მრეწველობით არის დაკავებული.
მაისში ჯუსოევი ოკუპირებულ ცხინვალში ჩინეთის კორპორაცია Fujian Tianrun Yongshun Supply Chain-ის ხელმძღვანელს შეხვდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა ძირითადად საავტომობილო ინდუსტრიის საკითხები განიხილეს. აღნიშნული კომპანია აწარმოებს მანქანებს Soueast, Yudo და Qiteng ბრენდების ქვეშ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ჩინური კომპანია ოკუპირებულ ცხინვალში მმართველი კომუნისტური პარტიის ნებართვის გარეშე ვერ ჩავიდოდა. „ჩინეთში არ არსებობს კერძო ბიზნესი იმ გაგებით, როგორც ეს დასავლურ სამყაროშია. ყველა ჩინური კომპანია არის რაღაც ფორმით, ზოგი მთლიანად, ზოგი 85%-ით და ყველაზე უარეს შემთხვევაში, 65-75%-ით სახელმწიფოზე დამოკიდებული. როდესაც რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის ბიზნესმენები ჩადიან აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი იქ ჩადიან სახელმწიფოს და მმართველი პარტიის ნებართვითა და მათი მხარდაჭერით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
