პულიცერის პრემია, აშშ-ის უმთავრესი ჟურნალისტური ჯილდო, 2023 წელს უკრაინელმა ჟურნალისტებმაც მოიპოვეს. ყველაზე პრესტიჟულად მიჩნეულ ნომინაციაში - „საზოგადოების სამსახურისთვის“ პრემია გადაეცათ ამერიკული ახალი ამბების სააგენტო Associated Press-ის (AP) თანამშრომლებს - დოკუმენტალისტ მსტისლავ ჩერნოვს, ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკას, პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოს და ევროპელ კორესპონდენტს ლორი ჰინანთს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ჩერნოვი, მალოლეტკა, სტეპანენკო და ჰინანთი დარჩნენ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში, სადაც მხოლოდ ისინი წარმოადგენდნენ საერთაშორისო მედიას და მოამზადეს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის ამსახველი რეპორტაჟები.
Associated Press-ის მარიუპოლში მომუშავე გუნდმა ჯილდო მოიპოვა „ახალი ამბების ფოტოგრაფიის“ ნომინაციაშიც - რუსეთის შეჭრის პირველი კვირის განმავლობაში გადაღებული უნიკალური კადრებისთვის. გუნდის წევრი ევგენი მალოლეტკაც იყო. სწორედ მან გადაიღეო რუსეთის მიერ მარიუპოლის სამშობარო სახლის დაბომბვის ამსახველი ცნობილი ფოტოები.
უკრაინაში მუშაობისთვის, „საერთაშორისო რეპორტინგის“ ნომინაციაში, დაჯილდოვდა The New York Times-ი. გამოცემის ჟურნალისტების გუნდი არა მხოლოდ ახალ ამბებს ამზადებდა, არამედ 8-თვიანი მუშაობის შემდეგ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი უკრაინელების მასობრივი მკვლელობების შესახებ.
პულიცერის პრემია ებრაულ-უნგრული წარმომავლობის ამერიკელი ჟურნალისტისა და გაზეთის გამომცემლის, ჯოზეფ პულიცერის სახელს ატარებს. 1911 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მან თავისი ქონება კოლუმბიის უნივერსიტეტს უანდერძა. 1912 წელს, თანხის ნაწილით უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სკოლა გაიხსნა, ნაწილით კი პულიცერის პრემია დაფუძნდა, რომელსაც პირველი ლაურეატები 1917 წელს ჰყავდა. პრემიის საბჭო ძირითადად აშშ-ის მთავარი მედია საშუალებების წამყვანი რედაქტორებისგან ან აღმასრულებელი ხელმძღვანელებისგან შედგება. პრემია 23 ნომინაციაში გაიცემა, მათ შორის, ხელოვნებასა და მწერლობაში.
