„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის განცხადებას, რომლის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გადაიდოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
„ესეც უკრაინიზაციას გვაგონებს. უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვთ კონკრეტულ საჯარო ორგანოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას და კანონმდებლობას.
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები - მერები, საკრებულოები - არის ოთხი წლის ვადით არჩეული და, ბუნებრივია, ოთხი წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება“, - აღნიშნა კობახიძემ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი 3-4 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდნენ, 10 თებერვალს კი კონგრესის ბიურომ ქვეყანაში შექმნილ „საგანგებო სიტუაციასთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია უკიდურეს პოლიტიკურ და სოციალურ პოლარიზაციაზე, ასევე, პოლიტიკური მიზეზების გამო საჯარო მოხელეები თანამდებობიდან გათავისუფლების პრაქტიკასა და აქციის მონაწილეთა დაპატიმრებაზე.
„შემდეგი ადგილობრივი არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არსებულ პირობებში მათი ჩატარება სიტუაციის გაუარესების რისკს შეიცავს. ამიტომ, პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილებების გარეშე, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს“, - ვკითხულობთ კონგრესის განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 4 ოქტომბერია განსაზღვრული.
რაც შეეხება უკრაინას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მიმდინარე ომის და რუსეთის მიერ უკრაინული მიწების ოკუპაციის გამო გაუქმდა.
უკრაინის კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს უმაღლესი რადას (პარლამენტის) არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის დროს, ხოლო „საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ კანონით, საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნები (პარლამენტის, პრეზიდენტის, ადგილობრივი) აკრძალულია. კონსტიტუცია ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება არა ავტომატურად, ინაუგურაციიდან ხუთწლიანი ვადის გასვლისთანავე, არამედ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ.
