აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა ინტერვიუში, რომელიც მან რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Russia Today-ს გენერალურ დირექტორსა და კრემლის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტს, დმიტრი კისილიოვს მისცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
„ვხედავ, რომ საქართველოში ვითარება სტაბილურდება და ჩვენ ბედნიერები ვართ ამით. საქართველო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია. მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენი ხალხები მშვიდობიანად და ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. ამიტომ, საქართველოს დესტაბილიზაცია ან დესტაბილიზაციის საფრთხე რამდენადაც საზიანოა საქართველოსთვის, იმდენად საზიანოა აზერბაიჯანისთვის. ამიტომ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ვითარება იყოს პოლიტიკურ კალაპოტში, სტაბილური და საქართველო წარმატებით ვითარდებოდეს“, - თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევმა ამ კონტექსტში გარე გავლენა ახსენა, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ასაკრძალია USAID-ი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
„ხომ გაირკვა, რომ საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან და ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ ორგანიზაციებში ან იღებენ ხელფასს, ალბათ ათობით ათასი არიან, თუ არა მეტი. და ჩვენ ვიცით, რა არის ეს, რადგან აქ [აზერბაიჯანში] იყო პერიოდი, როდესაც „გრანტების მჭამელები“ და გრანტების გამცემები თავს თავისუფლად გრძნობდნენ, მაგრამ ჩვენ ეს შევაჩერეთ. ამიტომ, ნებისმიერი სტრუქტურის მიერ გაცემული გრანტი, იქნება ეს აზერბაიჯანული თუ უცხოური, უნდა იყოს რეგისტრირებული, შესაბამისი ორგანოები ამოწმებენ, დაუშვან თუ არა...
ჩვენ ეს ყველაფერი მოვაწესრიგეთ. მაგალითად, აზერბაიჯანული მედია უცხოური წყაროს მიერ 1%-ითაც კი არ შეიძლება დაფინანსდეს. არ შეიძლება. რატომ? ჩვენ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში. რატომ უნდა დააფინანსონ ჩვენი მედია? ასე ისინი მათზე დაქვემდებარებული რესურსებით, როგორიცაა „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ დღედაღამ ლაფს ასხამენ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ჩრდილს აყენებენ სომხეთთან ჩვენს გამარჯვებას.
ამიტომ, მგონია, საქართველოში გარკვეული დრო გაშვებული იქნა ამის მოსაწესრიგებლად და როდესაც ეს გაკეთდა, მატარებელი უკვე ცოტათი წასული იყო, მაგრამ კარგია, რომ ახლა სიტუაცია უკვე სტაბილურობისკენ მიდის“, - განაცხადა ალიევმა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის როლი აღნიშნა.
„და ისევ, ხედავთ, მაკრონის ყურები ჩანს. აი, ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ვერ ისვენებს, აუცილებელია საქართველოშიც ჩაძვრეს“, - თქვა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანი ფაქტორია „კავკასიისთვის ბრძოლაში“.
საქართველოში უწყვეტი, ყოველდღიური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტები არაერთხელ დაარბია და სხვადასხვა საფუძვლით დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის, ოპოზიციის წევრები. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება დაგმო და ყველა თვითნებურად დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვა.
ბოლო თვეების განმავლობაში მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირება და მიღებაც, რომელიც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
