ვფიქრობ, ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა - ღარიბაშვილი პუტინის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან მთავრობის კავშირს უარყოფს. ღარიბაშვილის თქმით, ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი გუშინდელ განცხადებაში „სააკაშვილის მთავრობას“ გულისხმობდა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. ჩვენს მთავრობას და ხელისუფლებას არ ჰქონია ამის თაობაზე არავითარი მოლაპარაკებები“, - უთხრა ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ფრენების აღდგენას დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესი და სხვა ჯგუფები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.

„მთავარი მინდა გითხრათ, მთავარზე მინდა გააკეთოთ აქცენტი - თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. აქაც, მე ვფიქრობ, განცდა ასეთია, რომ ალბათ, რუსეთის პრეზიდენტი გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე, ის რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების საკითხს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გამოეხმაურა და თქვა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი რუსეთში გაგზავნა - „დაავალეს, რომ ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან. ომის შემდეგ ხდება ყველაფერი. ასევე ომის შემდეგ, სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ? მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი მილიონი დიასპორისთვის“.

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ მის მიერვე 2019 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. მისივე განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმიც გაუქმდა. 26 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ის რეაქცია, რაც მის გადაწყვეტილებას საქართველოში მოჰყვა.

„ვფიქრობდი, რომ ყველა იტყოდა: „მადლობა, კარგია“, მაგრამ - არა, იქ რაღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ატყდა ამ საკითხზე. ძალიან უცნაური და უბრალოდ, გულწრფელად რომ ვთქვა, მოულოდნელია. როდესაც გვერდიდან ვუყურებ, ვფიქრობ - სულ გაგიჟდნენ? თუ რა ხდება იქ, გაუგებარია. მეჩვენებოდა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა არაერთხელ აყენებდა ვიზების გაუქმებისა და ჩვეული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით წინ, მაგრამ ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, არ არის ჩვენი საქმე - დაე, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რომელი გზით წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს და ა.შ., მაგრამ ჩვენ მზად ვართ, გზის ჩვენი ნაწილი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ვდგამთ ნაბიჯებს წინ და გადავდგამთ შემდგომშიც იმის მიხედვით, თუ როგორ ირეაგირებენ ამაზე ჩვენი პარტნიორები“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ მომდევნო ნაბიჯი შესაძლოა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იყოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.