ვფიქრობდი, საქართველოში ყველა მადლობას იტყოდა... სულ გაგიჟდნენ? - პუტინი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო „გაუგებარი ქარიშხალი“, რაც საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა. როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ეჩვენებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკითხი არაერთხელ დააყენა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პუტინმა ეს განცხადებები დღეს, ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა, საკითხი კი რომან ბოკერიამ წამოჭრა, რომელიც კომპანია „მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ“-ის თანადამფუძნებელია. იგი ამ კომპანიაში 35%-იან წილს ფლობს, 50% კი საქართველოს ყოფილი მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ეკუთვნის.

„ცოტა ხნის წინ „საქმიანი რუსეთის“ ბიზნეს საბჭოში ამირჩიეს, სადაც ჩვენს კომპანიას, „მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯს“ წარმოვადგენ. ასევე ვარ საქართველოს ბიზნეს ელჩი „საქმიანი რუსეთის“ ფარგლებში. შესაბამისად, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ორმხრივი ავიამიმოსვლის აღდგენის, საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის. მე, ალბათ როგორც არავის, მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირდაპირი ფრენების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამიტომ კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გიხდით“, - მიმართა პუტინს რომან ბოკერიამ, რომელიც 2019-2021 წლებში ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი იყო.

„წარმოიდგინეთ, ყოველთვის ვცდილობ ჩემს კოლეგებს გავუნაწილო, რაც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად ჩემი გადაწყვეტილება იყო და ჩემი წინადადებაც კი და დაკავშირებულია უამრავ გარემოებასთან, მათ შორის, შვებულებების სეზონთან, მსურდა მხარი დამეჭირა ადამიანებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისკენ თვითონ საქართველოში, ჩვენი ბიზნესისთვის, უბრალოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ საქართველო, უნდათ იქ ჩასვლა, დასვენება, ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან და ა.შ. შეხება.

გულახდილად რომ ვთქვა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, რომ ყველა იტყოდა: „მადლობა, კარგია“, მაგრამ - არა, იქ რაღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ატყდა ამ საკითხზე. ძალიან უცნაური და უბრალოდ, გულწრფელად რომ ვთქვა, მოულოდნელია. როდესაც გვერდიდან ვუყურებ, ვფიქრობ - სულ გაგიჟდნენ? თუ რა ხდება იქ, გაუგებარია.

მეჩვენებოდა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა არაერთხელ აყენებდა ვიზების გაუქმებისა და ჩვეული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით წინ, მაგრამ ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, არ არის ჩვენი საქმე - დაე, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რომელი გზით წავიდეს საქართველო, როგორ განვითარდეს და ა.შ., მაგრამ ჩვენ მზად ვართ, გზის ჩვენი ნაწილი გავიაროთ, როგორც უკვე ვთქვი, ვდგამთ ნაბიჯებს წინ და გადავდგამთ შემდგომშიც იმის მიხედვით, თუ როგორ ირეაგირებენ ამაზე ჩვენი პარტნიორები. არასდროს ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს ბიზნესს წაადგებოდა და მოხარული ვარ, რომ ამას ადასტურებთ. წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა პუტინმა.

10 მაისს, ვლადიმერ პუტინმა გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ მის მიერვე 2019 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. მისივე განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმიც გაუქმდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილია, თუმცა მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეიძლება იყოს.

საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის გადაწყვეტილებებს მიესალმა და განაცხადა, რომ ეს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ქართველს ცხოვრებას გაუადვილებს. მისივე თქმით, ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები და თვითმფრინავები შეასრულებენ.

მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი 19 მაისს, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა, რომელმაც საქართველოში 89 მგზავრი ჩამოიყვანა. ბორტზე იყვნენ ქართველი პრორუსი პოლიტიკოსები, აქტივისტები და ბიზნესმენებიც - ვალერი კვარაცხელია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი და მამუკა ფიფია.

ივნისიდან კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებზე დაიწყებს ფრენას. მოსკოვში რეისების შესრულება დაწყებული აქვს ქართულ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“.

მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილი რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის წინააღმდეგია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს რუსეთთან დაახლოებას და სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას ნიშნავს. მოწინააღმდეგეთა შორისაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც მოსკოვში ფრენების გამო, პროტესტის ნიშნად, „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტი გამოუცხადა, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სამთვიანი სავიზო რეჟიმის შემოღება მოითხოვა.

 

ამ თემაზე:

EU საქართველოს მოუწოდებს, ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.