საქართველოს მოქალაქეები მთავრობას, ასევე საქართველოს პარლამენტს, მიმართავენ პეტიციით, რომლის მთავარი მოთხოვნებია - რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ და უარი ითქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან დაახლოება ნიშნავს ევროკავშირისა და ცივილიზებული სამყაროსგან დაშორებას, სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმას და რუსეთის ნაწილად ქცევას.
გარდა ამისა, პეტიციით ხაზგასმულია, რომ:
- რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება;
- რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც იპყრობს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და კლავს მოსახლეობას;
- რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი;
- მაშინ, როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და ქართველი მეომრები ეწირებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას, საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დათბობა არის მოღალატეობრივი ნაბიჯი და მიმართულია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ;
- საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
პეტიციის ხელმომწერები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ: დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე; უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე; უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვალდიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. ფრენების აღდგენის გარდა, გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეეძლებათ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 10 მაისსვე, საგანგებო ბრიფინგზე, პუტინის გადაწყვეტილებას უწოდა მორიგი რუსული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი ვიზების დაწესების საკითხი განიხილოს.
ფრენების და უვიზო რეჟიმის განახლება 11 მაისს დადებითად შეაფასა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა: „მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, - უთხრა მან ჟურნალისტებს. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები და თვითმფრინავები შეასრულებენ.
ევროკომისია საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდეს, მოუწოდებს, შეუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სფეროში დაწესებულ სანქციებს და იყოს ფხიზლად სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კომისიის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ საქართველომ არ უნდა დაუშვას არაუსაფრთხო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე. მისი თქმით, სანქციების გამო, რუსული კომპანიების 95%-ს არ შეუძლია განაახლოს ან გააუმჯობესოს თვითმფრინავები, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა საქართველოს აეროპორტებში მომუშავე ის კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც სრულიად დასავლური საზოგადოება დისტანცირებულია რუსული რეჟიმისგან, არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, მასთან ჩართულობა გაზარდოს.