რუსული ავიაკომპანია Red Wings სოჭი-თბილისის და მოსკოვი-ქუთაისის რეისებს შეასრულებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

2 ივნისიდან, რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას შესაბამისი ნებართვა 18 მაისს მისცა. სააგენტო აცხადებს, რომ Red Wings-ი ევროკავშირის შავ სიაში არ არის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებზე ავიარეისები კვირაში სამჯერ - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება.

ავიაკომპანია Red Wings უკრაინის მიერ 2021 წლიდან არის სანქცირებული. 2022 წლის აგვისტოში სააგენტო Reuters-ს წერდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ Airbus-ის თვითმფრინავი, რომელსაც Red Wings-ი ამუშავებს, უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დამრღვევთა სიაში შეიყვანა.

Red Wings-ი რუსეთიდან თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, ყაზახეთსა და უზბეკეთში დაფრინავს. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანიის ფლოტს ძირითადად თანამედროვე რუსული საჰაერო ხომალდები - Sukhoi SuperJet (SSJ 100) შეადგენენ. ავიაკომპანია 19 ასეთ ავიალაინერს ამუშავებს. ასევე ჰყავს 14 Airbus-ი და 3 Boeing-ი.

Red Wings-ის გარდა, რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების შესრულების ნებართვა მიიღეს ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა და რუსულმა - „აზიმუტმა“ (Azimuth Airlines). „აზიმუტმა“ მოსკოვი-თბილსის პირველი რეისი დღეს, 19 მაისს შეასრულა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვეტილი იყო. იმავე წლის 21 ივნისს, მას შემდეგ, რაც თბილისში, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აუკრძალა. თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. ფრენების აღდგენის გარდა, გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეუძლიათ.

ევროკავშირი საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდეს, მოუწოდებს, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სფეროში დაწესებულ სანქციებს და იყოს ფხიზლად სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით. ევროკავშირის წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთში, რუსეთიდან ან რუსეთის თავზე ფრენების ნებართვას არ იძლევიან.

სანქციების შესახებ გაფრთხილება გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, თქვა, რომ საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ დადგენენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ საჰაერო ხომალდებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმა. მისი თქმით, ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები და თვითმფრინავები შეასრულებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.