26 ივლისიდან საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ზაფხულის XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ისტორიაში პირველად, წელს ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების სპორტსმენების აღლუმი არა სტადიონზე, არამედ მდინარეზე, სენაზე ჩატარდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
აღლუმი ცენტრალური ევროპის დროით 19:30 საათზე, აუსტერლიცის ხიდიდან დაიწყება. ფინალური შოუს გახსნამდე სპორტსმენები ტროკადერომდე ნავებით 6 კილომეტრს გაივლიან.
ოლიმპიური მედლებისთვის სულ 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი იასპარეზებს, მედლები კი სპორტის 32 სახეობაში გათამაშდება. ქართველი ათლეტები სპორტის 9 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას - ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა.
ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1952 წლიდან მონაწილეობენ, დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით კი საქართველო პირველად 1996 წელს, ატლანტას ზაფხულის ოლიმპიადაზე გამოვიდა.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაში საქართველოდან თამაშების ისტორიაში ყველაზე ნაკლები, 28 სპორტსმენი იბრძოლებს, მათ შორის, 4 ოლიმპიური ჩემპიონია: ნინო სალუქვაძე - ტყვიის სროლა (სეული 1988); ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა (რიო-დე-ჟანეირო 2016, ტოკიო 2020); ლაშა შავდათუაშვილი - ძიუდო (ლონდონი 2012); ლაშა ბექაური - ძიუდო (ტოკიო 2020). საქართველოს ნაკრების მედროშეები, ისევე როგორც წინა ოლიმპიურ თამაშებში, წელსაც ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან.
საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი. ასპარეზობაში პირველად ჩაერთვება 21 წლის ძიუდოისტი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი.
ქართველმა სპორტსმენებმა ცურვის ვერცერთ სახეობაში ვერ მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზია, თუმცა ამის მიუხედავად, საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოსთვის ე.წ. „ველური ბარათით“ 2 საგზური გამოყო. ერთ-ერთი მონაწილე 15 წლის ანა ნიჟარაძეა (100 მეტრი ბატერფლაი), რომელიც ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი და დელეგაციის ყველაზე პატარა წევრია.
საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს გადასცემს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარი მილიონი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათასია გათვალისწინებული.
უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის და ბელარუსის წარმომადგენლებს მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით, დროშებისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის გარეშე მონაწილეობის უფლება მისცა.
ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები ორ კვირას გასტანს და 11 აგვისტოს დაიხურება.
