ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთმა თბილისის „შემრიგებლურ სიგნალებზე“ გაამახვილა ყურადღება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მიხაილ გალუზინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

შვეიცარიაში, 5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან განხილვის საკითხი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება იყო, ხოლო რუსეთი თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. საზღვრების დელიმიტაციის დაწყებას ითხოვდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების  დესტრუქციული ქმედებებზე“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი წარმოადგენდნენ.

„სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ტრადიციულად  დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსულმა მხარემ „აქცენტი გააკეთა თბილისიდან მომდინარე შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ სიბრტყეში გადატანის მნიშვნელობაზე, მათ კონსოლიდაციასა და კონკრეტული ნაბიჯებით განვითარებაზე“. რუსეთი „კონკრეტულ ნაბიჯებში“ გულისხმობს საქართველოს მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას, ასევე „სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას“.

„ამ ამოცანების აქტუალობას განაპირობებს ოფიციალური თბილისის მიერ იმის აღიარება, რომ თავად საქართველოში და მის საზღვრებს მიღმა არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც აყალიბებენ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის გეგმებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობას, რუსული მხარის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მონაწილეთა უმეტესობის აზრია, რომ ვითარება „საერთო ჯამში, შედარებით მშვიდია“.

რუსული მხარის განცხადებით, ჰუმანიტარულ გზაზე დაბრკოლებად რჩება თბილისის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეაზე ყოველწლიურად წარდგენილი „უაღრესად პოლიტიზებული რეზოლუცია“ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ.

რუსეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს მოლაპარაკებების ჟენევიდან სხვა, „ყველა მხარისთვის მისაღებ ადგილზე“ გადატანის ინიციატივა და მხარეებს ამ თემის არსებითი განხილვისკენ მოუწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებების ადგილის შეცვლის საფუძვლად ასახელებს ევროკავშირის „უკანონო ანტირუსულ სანქციებთან“ შვეიცარიის შეერთებას, რითაც მან „ფაქტობრივად დაკარგა ნეიტრალური სტატუსი“.

მოლაპარაკებების შემდეგი, 63-ე რაუნდი, 2025 წლის მარტში გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ფედერაციის, ასევე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.