„ბიზნეს მედია საქართველოს“ (BM.GE) მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია არ შეუშვეს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგს უნდა დასწრებოდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, პრესსამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ „ბევრ კითხვას სვამს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 2 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 3 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 „ქართული ოცნება“ რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს - აშშ-ის დაზვერვა
„როდესაც მთავრობის სხდომა დაინიშნა, ჩემი და ოპერატორის მონაცემები გავგზავნე. დამიდასტურეს, რომ ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ადგილზე მისული ბრიფინგზე არ შემიშვეს. როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა მითხრა, თურმე, ძალიან ბევრ კითხვას ვსვამ. ამით კოლეგებსაც ვაწუხებ იმიტომ, რომ ისინი ვერ ახერხებენ კითხვის დასმას, ინტერვიუს ფორმატში შევდივარ მინისტრებთან და ეს შემაწუხებელია.
მთავრობის სხდომა ერთადერთი ადგილია, სადაც საშუალება მაქვს ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს დავუსვა საქმიანი ითხვები, რაც ეხება ეკონომიკასა და ბიზნესს. მთავრობის ადმინისტრაციაში ამკრძალეს“, - აღნიშნა თელარა გელანტიამ.
ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციის დღევანდელ გადაწყვეტილებას, მის მიერ, რამდენიმე დღის წინ მომზადებულ სიუჟეტს უკავშირებს. სიუჟეტი მოგვითხრობს იმაზე, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულების მიუხედავად, 2 წელია ვებგვერდზე არ აქვეყნებს მთავრობის სხდომაზე მიღებულ განკარგულებებს. რესპონდენტების შეფასებით, მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილება, შესაძლოა, კორუფციასთან იყოს კავშირში.
აქამდე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ბრიფინგებზე არ უშვებდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში არსებულ მტრულ გარემოს. ქარტია მთავრობას მოუწოდებს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სათანადო სამუშაო პირობები შეუქმნას.
საქართველოში მედიის თავისუფლების მაჩვენებელი ბოლო წლის განმავლობაში გაუარესდა. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2022 წლის ანგარიშში, 180 სახელმწიფოს შორის საქართველოს 89-ე ადგილი უკავია, მაშინ, როცა 2019, 2020 და 2021 წლებში მე-60 ადგილზე იყო. ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა: „ჟურნალისტებზე ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები. აგრესორებს შორის არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს“.
