საპარლამენტო ოპოზიციის წევრები რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვას ითხოვენ. პარლამენტის წევრის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საზღვრის ჩაკეტვაა ერთადერთი გამოსავალი ეროვნული ინტერესებისთვის „მოჭარბებული საფრთხის“ თავიდან ასარიდებლად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ვხედავთ, რომ ბოლო დღეების მანძილზე, ყოველდღიურად, რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე შემოდის საქართველოში და დგას უზარმაზარი რიგი ლარსის გამშვებ პუნქტთან. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იყოს მხოლოდ სამი გამონაკლისი: საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სამშობლოში დაბრუნების უფლება, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არიან ქართველები რუსეთის ფედერაციაში; ჰქონდეთ საქართველოში შემოსვლის უფლება ჰუმანიტარული მიზნებისთვის, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა იქნება. უახლოეს კვირებში დადგება მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი რუსეთის მოქალაქეები იქნებიან. შესაბამისად, ეს იქნება საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მოთხოვნით პეტიციაც გამოაქვეყნა:
„განსაკუთრებით საგანგაშოა, 6 სექტემბერს ვლადიმერ პუტინის მიერ დამტკიცებული „საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია“. ახალ კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი. აქამდე რუსეთს საკუთარი აგრესიული საოკუპაციო სტრატეგიის და საომარი მოქმედებების საბაბად არაერთხელ აქვს გამოყენებული ე.წ. „რუსულენოვანი და რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა“. სწორედ ასე მოხდა 2008 წელს საქართველოზე თავდასხმის დროს, 2014 წელს უკრაინაზე თავდასხმის დროს და 2022 წელს კვლავ უკრაინაზე თავდასხმის დროს, რასაც შედეგად საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია მოჰყვა“.
სავიზო რეგულაციების შემოღების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების საკითხს განიხილავს პარტია „ლელო“. პარტიის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის წესი გაამკაცრა, რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ კი საზღვრები საერთოდ დახურა, საქართველო რჩება ყველაზე „მარტივ ადგილად“, სადაც მათ უვიზოდ შემოსვლა და დარჩენა შეუძლიათ.
„ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელია, ვიმსჯელოთ სავიზო რეჟიმის შემოღებაზე რუსეთის ფედერაციასთან. რადგან ხელისუფლებამ ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, არამედ პირდაპირ აცხადებს, რომ არც კი აპირებს ამის განხილვას, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტში დავიწყოთ მსჯელობა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე.
მიგვაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გასცემს დავალებას, რუსეთის მოქალაქეებზე მკაცრი და მოკლევადიანი სავიზო რეჟიმი შემოიღოს.
გარკვეული გამონაკლისები, ცხადია, უნდა იქნას დაშვებული“, - აღნიშნავს სამადაშვილი.
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომში გასაწვევად ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მოქალაქეები ქვეყნიდან მასობრივად მიდიან. მედიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის შემდეგ ფედერაცია 261 ათასმა მამაკაცმა დატოვა. ამის გამო რუსეთი განიხილავს საზღვრების დაკეტვას იმ მოქალაქეებისთვის, ვინც გაწვევას ექვემდებარებიან.
საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შეწყვეტილია. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას მესამე ქვეყნის გავლით ან სახმელეთო საზღვრით, ზემო ლარსის მხრიდან ახერხებენ. 22 სექტემბრიდან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ავტომობილების რამდენიმეკილომეტრიანი რიგი დგას.
ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის, ირბეკ ტომაევის ინფორმაციით, ბოლო კვირაში საზღვარი ორივე მიმართულებით 37 ათასმა ერთეულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტი განსაკუთრებული დატვირთვის პირობებში მუშაობს იმის გამო, რომ გაიზარდა როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდებობა:
„ყველა ვხედავთ, რომ გაზრდილია ნაკადები - შემოსვლები, როგორც სატვირთო მიმართულება, ასევე, ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს საზღვარს კვეთენ. ამ მიმართულებით სიტუაცია კონტროლს ქვემდებარება.
ასე ვთქვათ, არანაირი დრამატული სიტუაცია არარის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება დადგენილი წესებით, რაც ნიშნავს იმას, რომ გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი ინფორმაცია გროვდება, ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართებაში“.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთ-საქართველოს საზღვართან ჯავშანტრანსპორტიორი (БТР) და რუსი სამხედროები განალაგა - ფორმალური პროცედურების დარღვევით, რეზერვისტების მიერ საზღვრის გარღვევის აღსაკვეთად. უსაფრთხოების სამსახურში სიცრუე უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საზღვართან ბლოკპოსტის მოწყობა იგეგმება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუშინ, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან საქართველომ პოლიციის დამატებითი ძალები გააგზავნა რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი ნაკადის გამო.