11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მასშტაბური მანიფესტაციის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ გუშინდელ აქციაზე გამოსვლისას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„მინდა, რომ დაიმახსოვროთ ეს თარიღი - 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ კალენდრებში. შეიძლება ვიღაცას იცნობთ, ვინც არ მოდის ხოლმე აქ და აი, 11 მაისამდე, ყველამ ავიღოთ ეს დავალება, რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, ჩვენთან ერთად მოვიყვანოთ“, - თქვა ცუცქირიძემ.
რეპრესიული რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები, დარბევის და დაკავებების მიუხედავად, თბილისში, 15 აპრილიდან, ყოველდღე იმართება. ტრადიციულად, რუსთაველის გამზირი მთავარი ადგილია, სადაც დემონსტრანტები იკრიბებიან, თუმცა ბოლო დღეებში, ახალგაზრდებმა გმირთა მოედანზეც გადაინაცვლეს და ქალაქის მთავარი სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვით ცდილობენ ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევა აიძულონ.
„ქართული ოცნების“ მიერ ერთი თვის წინ დარეგისტრირებული რუსული კანონი პარლამენტს უკვე ორი მოსმენით აქვს მიღებული. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოწოდებების მიუხედავად, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ.
კანონის მესამე და საბოლოო მოსმენით მიღება 13 მაისის კვირაშია დაგეგმილი. მანამდე, 7, 8 და 10 მაისი, მთავრობამ უქმეებად გამოაცხადა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „სამაისო არდადეგების“ შემოღება რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის შესუსტებას ემსახურება.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან.
