საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი დეოლიგარქიზაციის პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან სისტემურ მიდგომას მოელის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„12 პრიორიტეტი, რომელიც საქართველომ გასულ წელს მიიღო, შეთანხმებულია უმაღლეს დონეზე ევროკავშირის ლიდერების მიერ. ასე რომ, ნათელია, არ არსებობს იმის შესაძლებლობა, ეს პრიორიტეტი ამოღებულ იქნას. დეოლიგარქიზაცია მე-5 პრიორიტეტია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩვენ ვხვდებით გამოწვევას - ინტერესების გადაჭარბებულ გავლენას ბიზნესზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. საქართველოსთვის ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყვეტილი უნდა იყოს. თუ როგორ, ეს ცხადია ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა ელჩმა დღეს ჟურნალისტებთან.
დიპლომატის თქმით, ვენეციის კომისიამ ძალიან ცხადად თქვა, რომ მმართველი უმრავლესობის, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული მიდგომა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში, სწორი მიდგომა არ არის და ბევრი რისკი არსებობს.
„სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიამ თქვა. სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ განსხვავებულ რამეს. ეს უნდა განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას, არჩევნების დაფინანსებას, მედიის თავისუფლებას, მართლმსაჯულების რეფორმას, უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლას.
ასე რომ, მთლიანი გარემო უნდა შეიქმნას, რომ მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ გავლენა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ჩვენ აქ ვართ ევროკავშირი, რომ დაგეხმაროთ ჩვენი ექსპერტიზით, ექსპერტებით, რა გზასაც აირჩევს პოლიტიკური ელიტა საქართველოში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
13 ივნისს, პარლამენტმა, 81 ხმით 2-ის წინააღმდეგ, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა ერთი დღით ადრე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ასეთი კანონი არც დემოკრატიული და არც ეფექტური პასუხია ოლიგარქიზაციის პრობლემაზე. კომისიის შეფასებით, კანონის დებულებების შესაძლო თვითნებურმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს და ნაკლები გააკეთოს „ოლიგარქიული“ გავლენის დასაძლევად.
„პერსონალიზებული დეოლიგარქიზაციის კანონი, როგორადაც ეს ფასდება, აჩენს რისკებს, ხელისუფლებაში მყოფთა ხელში ის სახიფათო იარაღად იქცეს პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად... ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა „სისტემური“ მიდგომის გატარება“, - წერს დასკვნაში ვენეციის კომისია და პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტი არ მიიღოს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ თქვა, რომ კანონპროექტს მესამე, საბოლოო მოსმენაზეც დაუჭერენ მხარს. კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია დეოლიგაქრიზაციის შესახებ ჩანაწერს 12 პუნქტიდან ამოიღებს, საპარლამენტო უმრავლესობა კანონს არ აამოქმედებს. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის ამოქმედების თარიღად 2024 წლის 1-ელი მარტია მითითებული.