„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ევროკომისია დეოლიგაქრიზაციის შესახებ ჩანაწერს 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ამოიღებს, საპარლამენტო უმრავლესობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს არ აამოქმედებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჩვენი იდეა არ იყო ამ კანონის მიღება. მოგეხსენებათ, ეს იყო ევროკომისიის იდეა. ეს არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი. თუ ევროკომისია გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალიზებული კანონი არ არის საჭირო და თუ 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის თაობაზე ჩანაწერს ამოიღებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი. ვენეციის კომისია ამბობს ერთს და ევროკომისია ამბობს მეორეს. თუ ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ და ჩვენივე მიღებული კანონი თებერვალში გაუქმდება“, - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 13 ივნისს, პარლამენტმა, 81 ხმით 2-ის წინააღმდეგ, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა ერთი დღით ადრე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ასეთი კანონი არც დემოკრატიული და არც ეფექტური პასუხია ოლიგარქიზაციის პრობლემაზე. კომისიის შეფასებით, კანონის დებულებების შესაძლო თვითნებურმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს და ნაკლები გააკეთოს „ოლიგარქიული“ გავლენის დასაძლევად.
„პერსონალიზებული დეოლიგარქიზაციის კანონი, როგორადაც ეს ფასდება, აჩენს რისკებს, ხელისუფლებაში მყოფთა ხელში ის სახიფათო იარაღად იქცეს პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად... ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა „სისტემური“ მიდგომის გატარება“, - წერს დასკვნაში ვენეციის კომისია და პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტი არ მიიღოს.
ამ ფონზე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კანონპროექტს მესამე და საბოლოო კენჭისყრაზეც დაუჭერენ მხარს.
კანონის ამოქმედების თარიღად 2024 წლის 1-ელი მარტია მითითებული. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მანამდე არის დრო იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება ევროკომისიამაც დააფიქსიროს - „თუ ევროკომისია მიჰყვება ვენეციის კომისიის მოსაზრებას და ამოიღებს პერსონალურ მიდგომას რეკომენდაციიდან, ამოიღებს დეოლიგარქიზაციის პუნქტს, რა თქმა უნდა, აღარ იქნება კანონის საჭიროება“.
რა წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციის შესახებ
დეოლიგარქიზაცია რიგით მეხუთეა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ იმ 12 პირობას შორის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვოს.
„დეოლიგარქიზაციის პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით“, - წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში.
ევროკომისიას დეოლიგარქიზაციის საკანონმდებლო რეგულაცია, ანუ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება არ მოუთხოვია. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ევროკომისიის იდეა იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ოლიგარქებად ასახელებენ საქართველოს ექსპრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს და მის დედას, გიული ალასანიას, „თიბისი ბანკის“ და პარტია „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს და თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელს, დავით კეზერაშვილს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი სწორედ მათ შეეხება და არა ბიძინა ივანიშვილს. ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს „ერთადერთ ოლიგარქად“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია მოხსენიებული. გასულ წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებდა, რეზოლუციის ამ ჩანაწერს გამიჯნვოდა.