2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრები განსახილველად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა. 17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას საქმე გამონაკლის შემთხვევებში გადაეცემა - მაშინ, როდესაც ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კითხვებს წამოჭრის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
2024 წლის 7 მაისს, ევროპულმა სასამართლომ, 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად სცნო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 22 პირის ინტერესებს იცავს. მათ შორის, არიან მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირი, მედიის 11 წარმომადგენლი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირი.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას არგუმენტები და საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა, ამასთან, სასამართლომ მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს ჯამში 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება გააკეთა, გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღინიშნა შემდეგი:
- ოთხნახევარი წლის შემდგომ გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ მისულა;
- სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირდაპირ იყო მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში;
- სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი;
- არ არსებობს ოფიციალური სრულყოფილი ანგარიში მოვლენათა ქრონოლოგიისა და აქციის დაშლის ოპერაციის თაობაზე, რაც მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას შესაძლებელს გახდის;
- სახელმწიფოს ვალდებულებაა, მსგავსი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დროს დარწმუნდეს, რომ სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ძალადობაში, ამოცნობადნი იყვნენ [...] სამართალდამცავები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მართლწესრიგის დაცვასა და დაკავებაზე, ვალდებულნი არიან ატარონ განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, შესაბამისი კოდი.
მიუხედავად ზემოთხსენებული მნიშვნელოვანი მიგნებებისა, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლოს შეეძლო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევების დადგენა. სწორედ ამ მიზნით, 2024 წლის 1 აგვისტოს სასამართლოს წარედგინა თხოვნა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, რადგან საკითხისადმი მსგავსი მიდგომა აჩენდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებულ სერიოზულ კითხვებს“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებს, ისევე როგორც რუსულ კანონის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტებზე გამოვლენილი სახელმწიფოს ქცევა, მკაფიოდ წარმოაჩენს იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს ვლინდება. საია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს დემონსტრაციების ეფექტიანი, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, მართვის პოლიტიკა.