2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს ტერიტორიული ორგანოები, სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა) პირადი განცხადების საფუძველზე 1384-მა თანამშრომელმა დატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ეს მონაცემები შს სამინისტრომ პარლამენტის წევრს ანა ნაცვლიშვილს მიაწოდა. დეპუტატი სამინისტროდან ასევე ითხოვდა ინფორმაციას, სწავლობს თუ არა უწყება კადრების გადინების შესაძლო მიზეზებს, რაზეც მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ სამინისტროს მასშტაბიდან გამომდინარე თანამშრომელთა როტაცია, გადინება და ახალი კადრების მოძიება/დასაქმება მუდმივი და ბუნებრივი პროცესია.
მინისტრის წერილის თანახმად, 2023 წლის პირველ 8 თვეში, შსს-ს დანაყოფებში მიღებულია 1838 თანამშრომელი.
რამდენიმე დღის წინ, რადიო „თავისუფლება“ იტყობინებოდა, რომ 2020 წლიდან 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი განცხადების საფუძველზე 7 332-მა თანამშრომელმა დატოვა, ამავე პერიოდში შსს-ში მუშაობა დაიწყო 9 437-მა ადამიანმა.
დღეისათვის თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის ოფიცრის 40 ვაკანსიაა. სამუშაო რეჟიმი არანორმირებულია, დარიცხული ხელფასი 2100 ლარს შეადგენს. გამომძიებლის 12 ვაკანსიაა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. სამუშაო რეჟიმი აქაც არანორმირებულია, დარიცხული ხელფასი 2 210 ლარია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს თბილისის მთავარ სამმართველოში აქვს პატრულ-ინსპექტორის 20 და ამდენივე ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის ვაკანსია. რეჟიმი ცვლაში მუშაობას ითვალისწინებს, ხელფასი გადასახადების ჩათვლით 2 035 ლარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან თანამშრომლების მასობრივად წასვლის შესახებ ბოლო პერიოდში ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. გასული წლის აგვისტოში შსს-მ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში კონკურსი ერთდროულად 145 ვაკანსიის დასაკავებლად გამოაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მაშინ თქვა:
„არ ვიცი, ქვეყნიდან ვინ მიდის. ზოგი მიდის, ზოგი ჩამოდის“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს-დან წასული თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში მიდის, მათ შორის, ხელმძღვანელი პირებიც. „საქართველოს ამბებისთვის“ ცნობილია ათობით ფაქტი, როცა ყოფილი პოლიციელები, სამმართველოების ყოფილი უფროსები აშშ-ში არალეგალურად მექსიკის სახიფათო გზით ჩავიდნენ.
უწყებიდან წასული პირების ინფორმაციით, პატაკი ასობით პოლიციელს, მესაზღვრეს და სხვა თანამშრომელს აქვს დაწერილი.
„საქართველოს ამბების“ ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციას მაღალმთიან რეგიონებში მასობრივად ტოვებენ ადგილობრივი მცხოვრებლები.
2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული 42 012 დანაშაულიდან გახსნილია მხოლოდ 24 327 (გახსნის მაჩვენებელი 57.9%). გაუხსნელი დანაშაულების დიდი წილი მოდის თვითმკვლელობამდე მიყვანაზე. რეგისტრირებული 1017 შემთხვევიდან გახსნილია მხოლოდ 16 (1.57%); გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის 173 შემთხვევიდან მხოლოდ 5 ფაქტია გამოძიებული (2.89%); ძალადობის 2749 შემთხვევიდან გახსნილია 1545 (56.2%); გაუპატიურების 137 შემთხვევიდან გამოძიებულია მხოლოდ 90 (65,69%); თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის 92 შემთხვევაა რეგისტრირებული, გამოძიებულია მხოლოდ 47 (51.09%); თავისუფლების უკანონო აღკვეთის 75 შემთხვევიდან გამოიძიებულია 28 (37.33%); არასრულწლოვნებით ვაჭრობის 5 შემთხვევიდან არცერთი არ არის გამოძიებული; ქურდობის 12641 შემთხვევიდან გამოძიებულია მხოლოდ 6605 ფაქტი (52.25%); ფულის გათეთრების 73 შემთხვევიდან გამოძიებულია მხოლოდ 13 (17.81%); საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის 1387 შემთხვევიდან გამოძიებულია მხოლოდ 118 (8.51%); ქურდული სამყაროს წევრობის 42 შემთხვევიდან გახსნილია მხოლოდ 13 (30.95%); სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის 88 შემთხვევიდან გახსნილია მხოლოდ 13 (14.77%); სატრანსპორტო დანაშაულის 2131 შემთხვევიდან გახსნილია მხოლოდ 455 (2135%); სამოხელეო დანაშაულის (თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ქრთამის აღება და ა.შ.) 432 შემთხვევიდან გახსნილია მხოლოდ 102 შემთხვევა (23.61%).