4 პარტია EU-ს მიმართავს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტია საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს, 18 ნოემბერს, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. ამის გათვალისწინებით, ოპოზიციური პარტიები ევროპელ ლიდერებს თავიანთ მოსაზრებებს უზიარებენ. წერილში ისინი აღნიშნავენ, რომ „წინასწარი შედეგებისა და დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე“, ოთხი პარტია, ჯამში, ხმების 52%-ს მიიღებდა, „თუკი არჩევნები იქნებოდა თავისუფალი და სამართლიანი“.

„26 ოქტომბრის არჩევნებმა შექმნა გადაულახავი დაბრკოლება ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში გაწერილ ფუნდამენტურ პრინციპებს. ...

ეს არჩევნები არ იყო მხოლოდ ადგილობრივი ძალაუფლებისთვის ბრძოლა; ის იმეორებდა რუსულ ტაქტიკას - საქართველოს დემოკრატიული ნების ხელყოფას. ეს ტაქტიკა მსგავსია იმისა, რაც შეინიშნებოდა ბელარუსში (2020) და რუსეთის ბოლოდროინდელ არჩევნებში“, - ვკითხულობთ წერილში.

ოპოზიციური პარტიები აღიშნავენ, რომ გაყალბებულ არჩევნებს არ შეიძლება, დაესვას ევროკავშირის დამტკიცების ბეჭედი, რადგან „ეს საქართველოში არჩევნებს მრავალი წლის განმავლობაში არარელევანტურს გახდის“.

„საქართველო იქნება მხოლოდ კიდევ ერთი საარჩევნო ავტოკრატია, სადაც არჩევნებს არ შეუძლია არსებული პოლიტიკური სტატუს კვოს შეცვლა.

არსებობს რამდენიმე დაუყოვნებელი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირს შეუძლია, გადადგას რუსული ტიპის ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ მთავრობაზე ზეწოლისთვის, თუ მთავრობა უარს იტყვის ამ არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფაზე:

  1. ევროკავშირის მიერ ინიცირებული შეფასების/ფაქტების დადგენის მისიის დაწყება 2024 წლის არჩევნებში გარე და შიდა ჩარევის შესაფასებლად მომდევნო 30 დღის განმავლობაში. 2024 წლის არჩევნების ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეფასების ინიცირება ევროკავშირის არჩევნების შემდგომი მისიის (EFM) მეშვეობით, რომელიც იმუშავებს ეუთო/ოდირთან კოორდინაციით: ჩაატაროს საარჩევნო გაყალბების ყოვლისმომცველ გამოძიება; შეაფასოს საარჩევნო ინსტიტუტების კეთილსინდისიერება;
  2. მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, არ მოიწვიოს 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის სხდომა საერთაშორისო შეფასების ჩატარებამდე. ნათლად განაცხადოს, რომ ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, თუ მოიწვევენ მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნები არ არის აღიარებული თავისუფლად და სამართლიანად. ეს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს საპარლამენტო ლეგიტიმურობის შესახებ;
  3. ნათელი დეკლარაცია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო;
  4. არსებულ მთავრობასთან ყველა ფორმალური ევროკავშირის დონის კომუნიკაციის შეჩერება, მათ შორის:
    • ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრების გაუქმება;
    • მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება;
    • ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების შეჩერება;

ვიდრე ისინი არ დათანხმდებიან პროცესის საერთაშორისო დონეზე გამოძიებას.

  1. ფინანსური დახმარების შეჩერება (დაახლოებით 120 მილიონი ევრო წელიწადში) მთავრობისთვის, ვიდრე გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი“, - წერია ოპოზიციური პარტიების წერილში.

პარტიების შეთავაზებაა, დახმარების თანხები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე მიიმართოს, ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმები, შეიქმნას საგანგებო ფონდი ზეწოლის ქვეშ მყოფი დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის და ასევე, დემოკრატიული მედეგობისა და საარჩევნო კეთილსინდისიერების ხელშწყობისთვის შეიქმნას მხარდაჭერის პროგრამები.

„ჩვენი საბოლოო მოთხოვნა ცალსახაა: ახალი არჩევნები ჩატარდეს 2025 წელს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით.

თუმცა, როგორც ევროკავშირის შესაძლო დაუყოვნებელი რეაქცია, როგორც შუალედური ნაბიჯი ამ მიზნისკენ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნების საერთაშორისო შეფასების მკაფიო მოთხოვნა და ევროკავშირთან დაკავშირებული ყველა სამთავრობათაშორისო ურთიერთობის შეჩერება იქნება გონივრული გზა საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად.

ქართული დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია და ქართველი ხალხი - ყველა თქვენს მხარდაჭერას ელოდება, როდესაც ჩვენი ერი ცდილობს, გადაარჩინოს თავისი დემოკრატია“, - ნათქვამია წერილში.

დოკუმენტს ხელს აწერენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.