გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის წევრის, ნილს შმიდის თქმით, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის გაწვევა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახნის ერთ-ერთი პირობა უნდა იყოს. გერმანელმა დეპუტატმა ეს განცხადება თბილისში, სამდღიანი ვიზიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
გასული წლის ბოლოს ევროკომისიამ საქართველოს 9 პირობა განუსაზღვრა, რომელთა შესრულების შემდეგაც ქვეყანა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარებით და მისი ევროპული მომავლის ბედით და ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა გავაჟღეროთ ორი ძალიან მკაფიო გზავნილი - პირველია ის, რომ ჩვენ ველით, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს იქნება სამართლიანი და თავისუფალი. ეს არის გადამწყვეტი არჩევნები დემოკრატიისა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველოს გადასაწყვეტია, რა გზით წავიდეს და ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ ამ არჩევნების შედეგებს.
მეორე გზავნილი შემდეგია - მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამის შესახებ ნათლად განაცხადა ევროკავშირმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით.
ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი პროცესის გადაწყვეტისთვის საჭიროა პარლამენტის თანხმობა, ჩვენი პარტიები წარმოადგენს გერმანიის ბუნდესტაგის უდიდეს უმრავლესობას. ახლანდელი პოლიტიკის ფონზე საქართველო ვერ მიიღებს გერმანიის პარლამენტის თანხმობას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე.
ყველამ იცის ის 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა დავამატოთ მე-10 ნაბიჯი და ეს უნდა იყოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევა, რომელიც აშკარად წინააღმდეგობაშია ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა ნილს შმიდმა [ტელეკომპანია „ფორმულას“ თარგმანი].
4 სექტემბრიდან საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების დელეგაცია იმყოფება. მის შემადგენლობაში არიან დებორა დიურინგი (კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტი (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტე (თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდი (სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD). ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, ხოლო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისგან შეხვედრაზე უარი მიიღეს. დღეს ორივე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე იმყოფებოდა.
„სამწუხაროდ, ხელისუფლება არ შეგვხვდა, ჩვენი სურვილის მიუხედავად. ჩვენ ვითხოვეთ შეხვედრა უმაღლეს დონეზეც, მეორე და მესამე დონეებზეც, მაგრამ უარი მივიღეთ. დრო რატომღაც ვერ გამონახეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვიზიტი კვირების წინ იყო დაგეგმილი. იმედის მაქვს, არჩევნების შემდეგ დემოკრატიისკენ სვლა გაგრძელდება ძლიერი მთავრობით. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა იმ ფონზე, რომ საქართველოს გერმანიისგან ასეთი მხარდაჭერა აქვს“, - თქვა ულრიხ ლეხტემ.
ირაკლი კობახიძემ უარის მიზეზად 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმეგო აქციაზე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის გამოსვლა დაასახელა და ის „რევოლუციურ მცდელობაში“ დაადანაშაულა. საპარლამენტო უმრავლესობით სახელით, გერმანელ კოლეგებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა.