პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ „წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა“. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ იმჟამინდელმა „პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან, საშინელი ღალატი ჩაიდინა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მინდა, პირველ რიგში, ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს. ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავს დაატყდა. ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2 ათასზე მეტი დაიჭრა და ამ ომით ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ. 150-მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით რამდენიმე სოფელი, კოდორის ხეობა დავკარგეთ. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ასევე, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებით ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ვიცი ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა უდიდესი გმირობა, თავგანწირვა აჩვენეს. გმირობის უამრავი მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და მომავალ თაობას.
მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული, თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული. ძალიან დიდი სირცხვილი ნახა მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის თქმით, იმჟამინდელ ხელისუფლებას არ ანაღვლებდა დაღუპული გმირები და ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა და ოკუპაცია ხდებოდა.
„მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას გვაქვს - რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე? რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი? რატომ ვერ მოხდა თავის დროზე ამ ომის სათანადო პრევენცია? რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება? ამას პატარა ბავშვი მარტივად გათვლიდა იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა ამ პროვოკაციებს, რომელიც ომამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. მთელი ამ კითხვების ერთობლიობა ერთ რამეზე მიგვითითებს, რომ ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის დაცვაზე, არც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არამედ ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, უღალატა ჩვენ მოსახლეობას, ხალხს, ჩვენს გმირებს. გახსოვთ, რომ ჩვენი გმირ სამხედროების ცხედრები უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიატოვეს და არც კი დაინტერესდნენ. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. აი, ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკით ოკუპაციის დასრულებაა.
„ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და აგრესორი იყო, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით და ვიცით. მთელმა მსოფლიომ იცის. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შემუშავებული გვაქვს სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა რამაც ჩვენი ქვეყანა ტერიტორიების დეოკუპაციამდე და საბოლოო გამთლიანებამდე უნდა მიიყვანოს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა და მწამს. ჩვენ ამ დიდ მიზანს ყოველდღე ვუახლოვდებით“, - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი შესრულდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. ომი რამდენიმე დღე გაგრძელდა, ვიდრე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდო. რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.