ახალი თავდაცვის კოდექსის მიღების შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებული ხდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 6 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
გიორგაძის თქმით, ახალი კოდექსით გადაწყვეტილია არსებული საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ცალკეულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების დახმარებით სამხედრო სამსახურისათვის თავი აერიდებინათ.
კანონპროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით“, - განაცხადა გიორგაძემ.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 12 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერმა ხაზი გაუსვა პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებას“, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. „ეს საკითხი ჩვენ გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგზარდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის, რა შეიძლება იყოს?! ასე რომ, ეს საკითხი მოგვარებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს, სასულიერო პირის სტატუსით ჯარს თავი დაახლოებით 16 500-მა ადამიანმა აარიდა: „სავალდებულო სამხედრო სამსახურში მინიმუმსაც კი, რაც ჩვენი სამიზნეა და 4-5 ათას ადამიანს შეადგენს, ამ ეტაპზე, ამასაც ვერ ვავსებთ“, - თქვა მან.
მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში გაწვევის წელიწადნახევრით გადავადება ორი გზითაა შესაძლებელი: სახელმწიფო ბიუჯეტში 2000 ლარის გადახდით და წვევამდელი თუ მღვდელმსახურია ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობს. უკვე ცნობილია, რომ ახალი კოდექსით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ერთი წლით გადავადებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 2 ათასიდან 10 ათას ლარამდე გაიზრდება. ხუთჯერ გაზრდილი თანხით გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება.
პარლამენტში ახალი თავდაცვის კოდექსის განხილვა და მიღება საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი. კოდექსი ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევა.
