ახალციხეში 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე 3 ექიმი დამნაშავედ ცნეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემისთვის დამნაშავედ ცნო ამავე კლინიკის ყოფილი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, ასევე, ექთანი თეა გზირიშვილი და რეანიმაციული განყოფილების უმცროსი ექიმი ბექა ლიპარტელიანი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსამართლე ნინო ელიაშვილის გადაწყვეტილებით, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო თეა გზირიშვილს - 2 წლითა და 6 თვით. ინასარიძე და გზირიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. რაც შეეხება ლიპარტელიანს, მასზე ძებნაა გამოცხადებული.

საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას შპს „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

„გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა მათი თანდასწრებით პაციენტს ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია“, ­- თქვა პროკურორმა.

ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განაცხადა, რომ  განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები და მათი ინტერესების დამცველები ითხოვენ, პასუხისგებაში მიეცენ კლინიკის დირექტორი და სხვა თანამშრომლებიც, რომელთა „ქმედებამ თუ უმოქმედობამ ფატალური შედეგი გამოიწვია“.

27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 2021 წლის 18 მარტს, კლინიკა „იმედში“ აიცრა. ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით 30 წუთში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ვაქცინაციიდან დაახლოებით 24 საათში, 19 მარტს გარდაიცვალა. ექთნის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ანაფილაქსიური შოკი განიხილებოდა. ექიმი ვიოლეტა ინასარიძე 20 მარტს ჟურნალისტებთან ინტერვიუ დროსაც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინის ნემსი „წამებში გაუკეთა“.

ექთნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოგვიანებით, ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ, რაც 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 2021 წლის აპრილში, სასამართლომ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ვილეტა ინასარიძეს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც გულისხმობს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ დასრულებული არ არის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.