აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი, 31 ოქტომბერს, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მკაცრად შეასრულებენ 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის, 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებებს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრისას ძალას არ გამოიყენებენ. ამის შესახებ ნათქვამია სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ შევთანხმდით, რომ თავი შევიკავოთ ძალის გამოყენებისგან ან მისი გამოყენების მუქარისგან, განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ყველა პრობლემური საკითხი მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე გაეროს წესდებისა და ალმა ატის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„რია ნოვოსტის“ თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიესალმნენ რუსეთის ფედერაციის მზადყოფნას წვლილი შეიტანოს ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში. ლიდერები აღიარებენ რუსი მშვიდობისმყოფელების ძალისხმევას რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათ ხაზი გაუსვეს სომხეთსა და ზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასადებლად აქტიური მზადების მნიშვნელობას.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიების გამო კონფლიქტი XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა, როდესაც სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონი, იოსებ სტალინის გადაწყვეტილებით, საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადაკეთდა. საბჭოთა პერიოდში, ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური სომეხი იყო.

1988 წელს, ყარაბაღის მოსახლეობამ მოისურვა, რომ ყარაბაღი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში გადასულიყო. კონფლიქტი 1990-იანი წლების დასაწყისში სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სამხედრო მოქმედებები 1994 წლამდე გაგრძელდა და საბოლოოდ, რეგიონი ადგილობრივი სომხების კონტროლის ქვეშ გადავიდა, რომლებმაც ყარაბაღის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 1994 წელს, ბიშკეკის პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ, კონფლიქტი ძირითადად გაყინული იყო, თუმცა, მხარეებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მაინც გრძელდება. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის მნიშვნელოვანი შემთხვევა 2016 წლის აპრილის დასაწყისში მომხდარი, ოთხდღიანი ომის სახელით ცნობილი დაპირისპირება იყო.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. ომში დაახლოებით 7000 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი დაიღუპა, უფრო მეტი კი დაიჭრა. შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე, რომლებიც წინა ომის შემდეგ სომხეთის ძალებს ეკავათ.

სიტუაცია დაიძაბა 2022 წლის აგვისტოსა და სექტემბერშიც. 13 სექტემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას, სომხურ მხარეს 207 ადამიანი ემსხვერპლა, აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის 10 კვადრატული კოლომეტრის დაკავება შეძლო. ათობით მსხვერპლი იყო აზერბაიჯანის მხარესაც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით, 6 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ პრაღაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში. აზერბაიჯანი სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების წინადადებით გამოვიდა. აზერბაიჯანს სურს  სომხეთის გავლით ნახჩევანთან ჰქონდეს ე.წ. ეკონომიკური დერეფანი, რომელიც გულისხმობს, რომ ტრანსპორტმა, ტვირთებმა ეს დერეფანი შემოწმების გარეშე გაიაროს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).