აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო დაინტერესებულია საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებით, მათ შორის, ანაკლიის პორტით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„უკვე შევქმენით წარმატებული პროექტები და ინიციატივები. მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება. ყველამ იცის ეს წარმატებული პროექტები, ერთობლივად გვაქვს განხორციელებული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია.
დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება.
ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გავზრდით წარმადობას ხუთმაგად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა 8 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ილჰამ ალიევმა.
მისივე თქმით, დღეს ყველაფერი კეთდება, რათა სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა.
„ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულება და სფეროა, ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი, შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია. ეს იქნება ენერგეტიკული მწვანე დერეფნის მიმართულებით, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას. ყველა ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, უშველებელი მნიშვნელობის არის, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევრო-აზიული კონტინენტისთვის. მზად ვართ ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან დიდია ჩვენი პოლიტიკური ნება. არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით და ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით ამას მოვახერხებთ” , - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
22 სექტემბერს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს. მინისტრის თქმით, სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ პროცესში, საიდანაც მხოლოდ ორი გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
„ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ მშენებლობის დაწყებიდან სამი წელია საჭირო, რომ პირველი ფაზა დასრულდეს. მშენებლის შერჩევიდან 9 თვის განმავლობაში ყველა მოსამზადებელი სამუშაო იქნება დასრულებული და კომპანია მზად იქნება სამუშაოებს შეუდგეს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
პარლამენტის წევრების კითხვაზე - ხელისუფლებას აქვს თუ არა რაიმე გარანტიები ჩადებული, რომ ინვესტორისთვის გადაცემული 49 %-იანი წილი მომავალში რუსეთის ხელში არ აღმოჩნდება, მინისტრმა განმარტა:
„ანაკლიის პორტის წილების კონსტრუქცია იქნება ასეთი, 51 %-ის მფლობელი იქნება საქართველოს სახელმწიფო, ხოლო 49 %-ის კერძო პარტნიორი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არცერთი რომელიმე სახელმწიფოს ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე და ეს პროექტი ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი, კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს“, - განაცხადა მინისტრმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უნდა განეხორციელებინა, თუმცა საქართველოს მთავრობამ მასთან ხელშეკრულება 2020 წელს გაწყვიტა. კონსორციუმში რამდენიმე ინვესტორი კომპანია, მათ შორის, „თიბისი ჰოლდინგი“ შედიოდა. 2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ ჰოლდინგის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მათ ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ფულის გათეთრება) წარუდგინა. 2022 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მაშინ სასამართლომ მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა მოსამართლემ ისინი სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო. 2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე წარმოებაში არ მიიღო. ხაზარაძე და ჯაფარიძე მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ დევნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერების მიზნით დაიწყო.
ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოში დავა მიმდინარეობს. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ინვესტორი 1,5 მილიარდ დოლარს ითხოვს.