ანა დოლიძე შოვის საკითხზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შოვში მომხდართან დაკავშირებით თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს პარლამენტთან გააკეთა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს არის ეკოლოგიური სამართლიანობის საკითხი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. თუ არ დავაყენეთ ეს თემა და ისეთი სახელმწიფო არ შევქმენით, რომელსაც ეს ესმის და ამისთვის იბრძვის, სამწუხაროდ, შოვი არ იქნება ბოლო შემთხვევა - როგორც 13 ივნისი არ იყო ბოლო შემთხვევა, როგორც გუდაურის ვერტმფრენი არ იყო ბოლო შემთხვევა.

შოვის შემთხვევა ორ ნაწილად იყოფა. კონკრეტული პასუხისმგებლობა კოტეჯებთან დაკავშირებით, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით - ეს არის ერთი კონკრეტული შემთხვევა და სისტემური პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ერთი შემთხვევით ჩვენ სისტემას ვერ შევცვლით. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ სისტემა, რომელიც იზრუნებს ეკოლოგიურ სამართლიანობაზე. საგამოძიებო კომისია დააყენებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს და მას შეისწავლის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძემ აღნიშნა, რომ თუ საპარლამენტო ოპოზიცია დროებით საგამოძიებო კომისიას არ შექმნის, ამას პარტია „ხალხისთვის“ გააკეთებს, რომელიც, პოლიტიკოსის თქმით, შემდეგი მოწვევის პარლამენტში აუცილებლად იქნება წარმოდგენილი.

3 აგვისტოს მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად, კურორტი შოვი თითქმის მთლიანად განადგურდა, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი და დაახლოებით ამდენივე ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის მიხედვით, 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური  ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. სააგენტოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის, მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ 8-10 წუთში უნდა მიეღწია. დასკვნაში ნათქვამია, რომ მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

დამოუკიდებელი ექსპერტები პირველად დასკვნაში გამოთქმულ ცალკეულ მოსაზრებებს არ ეთანხმებიან.

საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტული საკითხის შესასწავლად იქმნება, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს; ასევე, ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება ნახევარზე ნაკლები იყოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.