რამ გამოიწვია სტიქია შოვში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები განაპირობა მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, მყინვარის სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლამ, მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში, რომელიც 6 აგვისტოს გამოქვეყნდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დოკუმენტის თანახმად, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.

„აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში მომატებულმა ჰაერის ტემპერატურულმა ფონმა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ატმოსფერულმა ნალექებმა. დინამიკაში მოსული კლდეზვავური მასალა და მყინვარული მასის ნაწილი ხეობის ზედა ნაწილშივე ტრანსფორმირდა გლაციალურ ღვარცოფულ ნაკადად. კალაპოტში დიდი სიჩქარით გავლილმა ნაკადმა, ხეობის შუა და ქვედა ნაწილში, ორივე ბორტის გასწვრივ გამოიწვია ფერდობების ძირის გამორეცხვა და ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული სხეულების წარმოქმნა-გააქტიურება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასშტაბის ახალი მეწყრულ-ეროზიული კერები ჩამოყალიბდა მდ. ბუბისწყლის პრაქტიკულად ყველა შენაკადში. ამრიგად, ხეობის ზემო წელში ფორმირებულ მყარ ნაკადს, მდ. ჭანჭახთან შეერთებამდე, დაემატა როგორც მდ. ბუბისწყლის კალაპოტის გასწვრივ ნაპირგარეცხვის შედეგად ჩამოშლილი მეწყრული მასები, ასევე შენაკადებიდან ტრანსპორტირებული ნაშალი მასალა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდინარე ჭანჭახზე არსებული ჰიდროლოგიური სადგურის (ავტომატური წყლის ხარჯის მზომი სენსორი) მონაცემების ანალიზის საფუძველზე მდ. ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.

მძლავრი ტალახ-ქვიანი ღვარცოფული ნაკადი, დინების ქვემო წელში გადავიდა კალაპოტიდან და დაახლოებით 15 საათსა და 15 წუთზე გაიშალა შოვის (ე.წ. „კოტეჯების უბანი“) ტერიტორიაზე დაახლოებით 26 ჰექტარზე, სადაც დაფარა აქ არსებული შენობა-ნაგებობები და გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი.

ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის (ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების და მანძილის გათვალისწინებით, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს წინასწარი გათვლებით უნდა მიეღწია სავარაუდოდ 8-10 წუთში.

მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია;

მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის“, - აღნიშნულია დასკვნაში.

მდ. ბუბისწყლის ხეობაში რამდენიმე მცირე და დიდი ზომის მყინვარია. ყველაზე დიდი მყინვარები ამ აუზში არის თბილისა და ბუბა.

დასკვნის თანახმად, „მდინარე ბუბისწყლის ხეობა ხასიათდება რთული რელიეფით, სადაც დაგროვილია ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვის დიდი მოცულობის პროდუქტები. ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილების ფონზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში გააქტიურებულია მყინვარის პულსაციური პროცესები და აღნიშნული ხეობის მყინვარები არ არის გამონაკლისი.

ხეობის რთული გეოლოგიური აგებულება, სეისმო-ტექტონიკური პირობები, რელიეფის მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი (მორფოლოგიური პირობები) და კლიმატური ცვლილებები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ხეობაში ბუნებრივი სტიქიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურებისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ

2023 წლის 3 აგვისტომდე მდ. ბუბისწყლის კალაპოტში, ბოლო 100 წლის მანძილზე, მნიშვნელოვანი ხასიათის ღვარცოფული ნაკადების გავლას ადგილი არ ჰქონია“.

რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ნაპოვნია 18 ცხედარი, ამდენივე დაკარგულად მიიჩნევა. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.