ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ე.წ. ოპოზიციონერები გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მდინარე გუმისთაზე ბლოკირებული ხიდები გახსნეს მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების შედეგად, დე ფაქტო ხელისუფლებამ მათი თანამებრძოლები გაათავისუფლა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ასლან გვარამია, ომარ სმირი, რამაზ ჯოპუა, გარი კოკაია და ალმასხან არძინბა 11 ნოემბერს დააკავეს, როდესაც გუდაუთაში მოსახლეობასთან შეხვედრიდან სოხუმში ავტომობილით ბრუნდებოდნენ. ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას თქმით, დაკავებულებმა, პარლამენტის ეზოში „უკანონო ქმედებები“ ჩაიდინეს ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ. დე ფაქტო ხელისუფლება მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, პროსამთავრობო ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს დეპუტატი ალმას აკაბას „სცემეს“.

ინციდენტამდე დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც „აფხაზეთში მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ საკონსტიტუციო კანონის პროექტი განიხილეს.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკონომიკის ყოფილმა ე.წ. მინისტრმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ მისი თანამებრძოლები ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ და სწორედ ამიტომ პოლიტიკური მოტივებით დააკავეს.

„ჩვენ მხოლოდ მათ გათავისუფლებას არ ვეცდებით. შეთანხმება, რომლის რატიფიცირებაც სურთ,  ოლიგარქებისთვის უზარმაზარი შეღავათების მიცემა და აფხაზეთის გაყიდვისთვის მწვანე შუქის ანთება, შეჩერდება“, - განაცხადა არძინბამ.

ოპოზიციის ხუთი წარმომადგენლის დაკავების შემდეგ მათმა მხარდამჭერებმა გუმისთისა და კოდორის ხიდებზე მოძრაობა გადაკეტეს. აქციები გაიმართა სოხუმის თავისუფლების მოედანსა და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთანაც. შექმნილი ვითარების გამო, დე ფაქტო პრეიზდენტმა ასლან ბჟანიამ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაატარა.

12 ნოემბერს სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ სამი დაკავებულის - კოკაიას, არძინბას და ჯოპუას მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო“. სმირსა და გვარამიათამ დაკავშირებით სასამართლოს საქმის მასალები არ მიუღია.

დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა კიდევ ერთი ოპოზიციონერი, ყოფილი ე.წ. დეპუტატი თენგიზ აგრბა, რომელიც 9 ნოემბრიდან პატიმრობაში იყო.

30 ოქტომბერს, მოსკოვში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს. დოკუმენტი კომპანიების მხარდამჭერ ზომებს ადგენს. 11 ნოემბერს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო კანონი აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილია. ასლან ბჟანიამ კანონს იმავე დღეს მოაწერა ხელი. საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხის ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განხილვა 15 ნოემბერს, პარასკევს იგეგმება. ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს საპროტესტო აქცია აქვთ დაანონსებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.