„ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა“, - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
კობახიძის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ „გავლენიანი ძალები“ მოქმედებენ, რომლებსაც „მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ“.
„ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას უპირისპირდებიან“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ აზერბაიჯანულ ტელეკომპანია Real TV-ს მისცა. ინტერვიუ ტელეარხის ვებგვერდზე აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნდა, თუმცა უსამართლო ქვეყნების სიის შესახებ ციტატა ტექსტში არ გვხვდება.

ინტერვიუში კობახიძემ თქვა, რომ ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატები გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს საქართველოსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შანტაჟისთვის იყენებენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, კონკრეტულად ვინ არიან ამ შანტაჟის ავტორები, რომელი სახელმწიფოები არიან დაინტერესებული საქართველოში სიტუაციის ესკალაციით და უშუალოდ არიან ჩართული ამაში, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
„კონკრეტული ძალები არიან და მათი სახელით მოქმედებენ კონკრეტული ევროპელი პირები და ბიუროკრატები. არიან ქვეყნებიც, რომლებსაც უსამართლო მიდგომა აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა, დღეს ამ ქვეყნების დაკონკრეტება არ მინდა იმისთვის, რომ მათ დავიტოვოთ საკუთარი ქცევის შეცვლის შანსი“, - ვკითხულობთ ინტერვიუს აზერბაიჯანულენოვან თარგმანში.
კობახიძის ადმინისტრაციის მიერ დაანონსებული სია ჰგავს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ შექმნილ „არამეგობრული სახელმწიფოებისა და ტერიტორიების სიას“.
რუსულ კანონმდებლობაში „არამეგობრული სახელმწიფოების“ ცნება 2018 წელს გაჩნდა. თავდაპირველად ეს სტატუსი ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩეხეთს მიანიჭეს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა რუსი დიპლომატების გაძევების გამო.
„არამეგობრული სახელმწიფოების“ სიაში შეჰყავთ ის ქვეყნები, რომლებიც, რუსეთის ხელისუფლების აზრით, არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებენ რუსეთის მიმართ. აღნიშნულ სიაში დღეისთვის 50-მდე ქვეყანაა, მათ შორის - კანადა, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ასევე, ევროკავშირის წევრი 25 ქვეყანა. სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
