არჩევნებთან დაკავშირებით გაყალბების სერიოზული ეჭვებია და ეს გამოძიებას მოითხოვს - მიშელი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ეჭვები, რომ საქართველოში ჩატარებული  საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, არსებობს არამარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მიშელის თქმით, მათ სჭირდებათ სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უპირველეს ყოვლისა, მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მეორე მხრივ,

არჩევნები გაიმართა, არის გაყალბების ეჭვები, სერიოზული ეჭვები და ეს მოითხოვს სერიოზულ გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესის შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი გაკეთდა სამართლიანად და გამჭვირვალედ“, - განაცხადა შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ.

კითხვაზე, მოსალოდენელია თუ არა სანქციები ან ვიზალიბერალიზაციის გადახედვა, შარლ მიშელმა თქვა, რომ ევროპული საბჭო არსებული მდგომარეობის შეფასებას გააკეთებს და ის დარწმუნებულია, რომ ევროპელ ლიდერებს მკაფიო გზავნილი ექნებათ.

გუშინ, 7 ნოემბერს, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

„მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში. ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისინი საუბრობდნენ სწორედ ეროვნულ გამოძიებაზე. მას განვუმარტე, რომ ცესკო-მ მიმართა პროკურატურას. მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, თუმცა, ამაზე უარი თქვა ზურაბიშვილმა. ჩვენ რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავის დასკვნები უნდა გამოიტანოს, მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან.

„რაც შეეხება შეხვედრებს, გვქონდა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან, რობერტ ფიცოსთან ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რობერტ ფიცომ მიმიწვია სლოვაკეთში. შეხვედრა მქონდა ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მასთან. შეხვედრა მქონდა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან.

ასევე მქონდა საშუალება, შესვენებების დროს გავსაუბრებოდი ათზე მეტ ლიდერს. აქ იყვნენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე, არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები.

ეს არის ის, რაც მოხდა ბუდაპეშტში. მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული ეს ვიზიტი. გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის“, - თქვა პრემიერმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 011 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
  • „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
  • „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)

ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. ოპოზიცია ახალ არჩევნებს და დარღვევებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.