საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება და პოლიტიკური მოღვაწე დეზინფორმაციას ავრცელებენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ლობისტური კამპანიის შესახებ. საელჩოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ცრუ და უპასუხისმგებლოა“ ინფორმაცია, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“, - წერია საელჩოს განცხადებაში.
ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) შესაბამისად გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელიც ამერიკული იურიდიული ფირმა „აკერმანის“ (Akerman LLP) და „ჯიპი ინთერნეშენალის“ (GP International LLC) მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით გაწეულ ლობისტურ საქმიანობას ეხება. 2023 წლის 3-28 თებერვლის პერიოდში განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალშია „თბილისში, აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირთან და პოლონეთის ოფიციალურ პირებთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ ბატონ სააკაშვილს პოლონელი ექიმების მხრიდან მკურნალობის საშუალება მიეცეს“. დოკუმენტში აშშ-ის საელჩოში საკონტაქტო პირად ევან ელიოტია მითითებული, კომუნიკაციის მეთოდად - სატელეფონო ზარი, ხოლო მიზნებად - როგორც პოლონელი ექიმების სააკაშვილთან დაშვების საკითხის განხილვა, ისე „მაგნიტსკის სიის“ სტატუსზე მსჯელობა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც იმ დროს ნიუ-იორკი იმყოფებოდა, შეხვედრის ორგანიზება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მასიმო დი ანჯელოს მხრიდან იყო მასთან დაკავშირების მცდელობა, რათა გამართულიყო შეხვედრა, თუმცა ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მტრული კამპანია მიმდინარეობს. კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმაც, რომლის თქმითაც, „დადასტურდა ორგანიზებული შეტევა საქართველოზე - ქვეყანაზე, რომელიც ევროინტეგრაციის საკმაოდ წარმატებულ გზას ადგას“.