ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს 2023 წელს ვიზის მიცემაზე უარი უთხრა - „ფულის გათეთრების“ საფუძვლით. კეზერაშვილი მის შესახებ არსებულ ჩანაწერებს ითხოვს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ დავა აქვს დაწყებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს შეტანილი სარჩელის მიხედვით, დავით კეზერაშვილმა, რომელიც ამჟამად ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს, აშშ-ის ვიზის მისაღებად კვიპროსში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართა. მას განაცხადი B-2 ტიპის, ტურისტულ ვიზაზე ჰქონდა შევსებული.
2023 წლის 18 ივლისს საელჩომ განაცხადი არ დააკმაყოფილა და მიუთითა შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის სააგენტოს მიერ 1-ელ მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც კეზერაშვილმა დასაშვებობის ერთ-ერთი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილების სფუძველი გახდა იმიგარაციისა და მოქალაქეობის შესახებ აქტის 212(a)(2)(I) ნაწილი, რომელსაც მოხსენიებენ, როგორც „ფულის გათეთრება“. 212(a)(2)(I) ნაწილით აშშ-ში არ დაიშვება ნებისმიერი პირი, რომელიც შესახებაც ცნობილია ან არსებობს ეჭვი, რომ ის მონაწილეობდა, მონაწილეობს ფულის გათეთრებაში ან აშშ-ში შესვლას ცდილობს ფულის გათეთებაში მონაწილეობის მისაღებად.
2023 წლის 23 ოქტომბერს, დავით კეზერაშვილმა აშშ-ის ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვა წვდომა მის საიმიგრაციო ისტორიაში არსებულ ჩანაწერებზე. კერძოდ, დავით კეზერაშვილი ითხოვდა საბაჟო და საზღვრის დაცვის უწყების 1-ელი მაისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის, განცხადების, მასალის ან/და უარყოფითი ინფორმაციის ასლებს. სასამართლოში სარჩელის წარდგენის მომენტისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტს დავით კეზერაშვილისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ ჰქონდა წარდგენილი, ხოლო მისი მოთხოვნის სტატუსად მითითებული იყო, რომ ის „რაც შეიძლება სწრაფად დამუშავდება“.
სარჩელის მიხედვით, დავით კეზერაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიმართ დაირღვა ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებული იყო ეპასუხა მის მოთხოვნაზე და ეცნობებინა გადაწყვეტილების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. გარდა ამისა, სარჩელის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტმა არ ჩაატარა ადეკვატური ძიება მოთხოვნილი ჩანაწერების მოსაძიებლად და დაარღვია მოსარჩელეს კანონიერი უფლება, მოიპოვოს ასეთი ჩანაწერები.
დავით კეზერაშვილი სახელი თაღლითური ქოლცენტრების საქმეში ფიგურირებს. 2023 წლის 12 აპრილს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება სათაურით „მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან მდგომი ბიზნესმენების ძიებაში“. საგამოძიებო მასალის მიხედვით, თაღლითური კომპანიების კვალი საბოლოო ჯამში დავით კეზერაშვილამდე მიდიოდა. თავად კეზერაშვილი ამბობდა, რომ მის მიმართ ბრალდებები ცილისმწამებლური იყო და ჟურნალისტურ გამოძიებაში არაერთი ფაქტი განზრახ დაამახინჯეს. გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, კეზერაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროო პაკეტი დათმო და კუთვნილი 51%-იანი წილიდან 25% ტელეკომპანიის თანამშრომელთა გაერთიანებას, „თავისუფლების ფორმულას“ გადაუფორმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში დაუსწრებლად არის გასამართლებული სახელმწიფო სახსრების - 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის. საქმის მასალების მიხედვით, 2008 წელს, დავით კეზერაშვილმა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან Girwood Business Corp-სთან ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 060 000 ევრო გადაურიცხა. პროკურატურა აცხადებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბრძოლო სწავლების კურსები არ ჩატარებულა. 2017 წელს, დავით კეზერაშვილი და მასთან ერთად მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ნინუა სამოქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს. უზენაესმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა და კეზერაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ამნისტიის შედეგად განახევრდა.