აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში და დღეს, დილითაც, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებს ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჩვენი ქვედანაყოფები, რომლებიც დისლოცირებული არიან აღნიშნულ მიმართულებებზე, ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებენ“, - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. უწყების მონაცემებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე განახლებულ შეტაკებებს 50 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 11 სამხედროს ასაკი 18-21 წელია.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა, არამ ტოროსიანმა განაცხადა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ჯერმუკის მიმართულებით თავდასხმებისთვის დრონებს იყენებდნენ, დილით კი, შეტევითი ოპერაციები არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განაახლეს. „სიტუაციაზე საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგრძელებს აგრესიას სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ, თავს ესხმის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა ტოროსიანმა.
სომხეთი არსებულ ვითარებაზე და მის შემდგომ განვითარებაზე მთელ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბერს, ღამით დაიწყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ჯერმუკის, გორისის და სოთქის მიმართულებით სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი „სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ფართომასშტაბიან პროვოკაციაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით“.
სომხეთის მთავრობამ დახმარებისთვის რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. რუსეთის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრეგორი კარასინმა თქვა, რომ 13 სექტემბრის 09:00 საათისთვის მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. კომენტარი გაკეთდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, სადაც იმედი გამოთქვეს, რომ „რუსეთის შუამავლობის შედეგად მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე“ სრულად შესრულდებოდა.
„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით, ხოლო სასაზღვრო საკითხების ნაწილში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში, რუსეთის საკონსულტაციო დახმარებით“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
13 სექტემბერს, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ საზღვარზე შეტაკებების შედეგად სომხეთის მხარეს სულ მცირე 49 ადამიანი იყო დაღუპული. „სამწუხაროდ, ეს საბოლოო რიცხვი არ არის“, – აღნიშნა მან.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ვითარება აგვისტოში დაიძაბა. 26 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა, ასევე, კონტროლი დაამყარა სოფლებზე - ზაბუხსა და სუსზე. აღნიშნული ტერიტორიები 1992 წლის შემდეგ მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ კონტროლდებოდა. 31 აგვისტოს, ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, საზღვრის დელიმიტაცია და ვითარების სტაბილურობის უზრუნველყოფის გზებიც განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იგივე ფორმატში ერთმანეთს ნოემბერშიც შეხვდებიან.
ამ თემაზე:
აზერბაიჯანი ძალის დემონსტრირებით აიძულებს სომხეთს, დაითანხმოს პირობებზე - ზაქარეიშვილი