აზერბაიჯანის ხელისუფლება ბაქოში „რუსულ სახლს“ ხურავს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დახუროს ბაქოში მოქმედი „რუსული სახლი“, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს (Россотрудничество) პროექტია. ბაქომ რუსულ მხარეს შეტყობინება 3 თებერვალს გაუგზავნა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფორმალურად, აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებას „რუსული სახლის“ რეგისტრაციის არ ქონით ხსნის. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რუსული საინფორმაციო და კულტურული ცენტრი არ იყო რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი და სერიოზულად არღვევდა ქვეყნის კანონმდებლობას.

„რუსული სახლი“, რომელიც ბაქოში 1997 წელს დაარსდა, რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, ახორციელებს ახალგაზრდულ პროექტებს, ისტორიულ და მემორიალურ აქტივობებს. „რუსული სახლები“ მსოფლიოს ათობით სახელმწიფოში მოქმედებს. 2022 წლის ივლისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა Россотрудничество დაასანქცირა და ბევრ ევროპულ ქვეყანაში „რუსული სახლები“ დაიხურა.

Россотрудничество-ს ხელმძღვანელმა, ევგენი პრიმაკოვმა (უმცროსი) განაცხადა, რომ ორგანიზაცია წლების განმავლობაში ითხოვდა აზერბაიჯანში რეგისტრაციას.

„ჩვენმა საელჩომაც, ჩვენმა წარმომადგენლობამაც და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ამ წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგისტრაციაში დახმარების თხოვნით. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამისთვის, მაგრამ ჩვენი მოწოდებები უპასუხოდ რჩებოდა“, - განაცხადა პრიმაკოვმა.

პრო-სამთავრობო მედიამ, BakuTV-მ იანვარში გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, „რუსული სახლი“, რუსული კულტურის პოპულარიზაციის საფარქვეშ, ჯაშუშობით იყო დაკავებული. ამის გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს, ხოლო ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ საქმიანი რეპუტაციის დასაცავად სარჩელს მოამზადებდა.

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო 1news.az პირველ თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ Россотрудничество-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი არის შვილიშვილი საბჭოთა პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ევგენი პრიმაკოვისა, რომელმაც შავი კვალი დატოვა აზერბაიჯანის ისტორიაში, როგორც 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედიაზე (საბჭოთა არმიის მიერ ბაქოში მშვიდობიანი მომიტინგეთა დახოცვა) ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა. სტატიაში აღნიშნულია, რომ უფროსი პრიმაკოვის მთელი ბიოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული დაზვერვასთან, სადაც ის სსრკ-ს „კგბ“-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანამდებობებს იკავებდა.

აზერბაიჯანული გამოცემა Report-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ აპირებს მოითმინოს გარე ჩარევა მის საშინაო საქმეებში, განურჩევლად იმისა, თუ საიდან მოდის იგი. „ჩვენი ქვეყანა თავად გახდა დონორი და არ საჭიროებს გარე დახმარებას, მით უმეტეს, როცა ასეთი დახმარება ხორციელდება გაუმჭვირვალე სქემების საფუძველზე და ორგანიზაციების სტრუქტურა ღიად სადაზვერვო ხასიათს ატარებს“, - ციტირებს Report-ი საკუთარ წყაროებს.

რუსეთის ხელისუფლება რეგისტრაციასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარების იმედს გამოთქვამს. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.